ბენიამინ ნეთანიაჰუ - ჯო ბაიდენი აშშ-ის პირველი პრეზიდენტია, რომელიც ისრაელში ომის დროს ჩავიდა, მსოფლიო ხედავს აშშ-ის მხარდაჭერას, რომელიც ისრაელზე თავდასხმის მომენტიდან გამოვლინდა
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ჯო ბაიდენი აშშ-ის პირველი პრეზიდენტია, რომელიც ისრაელში ომის დროს ჩავიდა, მსოფლიო ხედავს აშშ-ის მხარდაჭერას, რომელიც ისრაელზე თავდასხმის მომენტიდან გამოვლინდა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ჯო ბაიდენი აშშ-ის პირველი პრეზიდენტია, რომელიც ომის დროს ისრაელში ჩავიდა.

ნეთანიაჰუმ ამ ნაბიჯს ღრმად ამაღელვებელი უწოდა და ისრაელის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ეს ადასტურებს ისრაელისადმი თქვენი პირადი ერთგულების სიღრმეს. ეს ადასტურებს ებრაელი ხალხისადმი და ერთადერთი ებრაული სახელმწიფოსადმი თქვენი პერსონალური ერთგულების სიღრმეს“, – განაცხადა ისრაელის ლიდერმა.

ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობას უპრეცედენტო უწოდა და მადლობა გადაუხადა ჯო ბაიდენს იმისთვის, რომ ვაშინგტონი უზრუნველყოფს ისრაელს თავდაცვისთვის ყველა საჭირო ინსტრუმენტით და მადლობა გადაუხადა მტრებისადმი მკაფიო გზავნილისთვის.

„ბატონო პრეზიდენტო, რაც მთავარია, მსოფლიო ხედავს ამ მხარდაჭერას და მორალურ სიცხადეს, რომელიც თქვენ გამოავლინეთ ისრაელზე თავდასხმის მომენტიდან“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ბაიდენმა სწორად გაავლო ხაზი ცივილიზებულ ძალებსა და ბარბაროსულ ძალებს შორის. მან ისაუბრა „ჰამასის“ მიერ ჩადენილ ისეთ დანაშაულებზე, როგორიცაა გაუპატიურება, დაწვა, გატაცება და აღნიშნა, რომ მოკლული მოქალაქეების რაოდენობა 1 400-ს შეადგენს და შესაძლოა, მეტიც იყოს.

„ჰამასმა“ მოკლა ბავშვები მშობლების თვალწინ და მშობლები მათი შვილების თვალწინ. მათ ადამიანები ცოცხლად დაწვეს, გააუპატიურეს და მოკლეს ქალები, თავები მოკვეთეს სამხედროებს. ისინი ეძებდნენ სამალავებს, სადაც მშობლებმა თავიანთი შვილები დამალეს. ბატონო პრეზიდენტო, უბრალოდ, წარმოიდგინეთ, ამ ბავშვების შიში და პანიკა, როდესაც ამ მონსტრებმა ისინი იპოვეს. „ჰამასმა“ გაიტაცა ქალები და ბავშვები, მოხუცები, ჰოლოკოსტს გადარჩენილები. ვიცი, რომ ამასთან დაკავშირებით ჩვენს აღშფოთებას იზიარებთ. ვიცი, რომ იზიარებთ ჩვენს მტკიცე გადაწყვეტილებას, დავაბრუნოთ ეს ადამიანები უკან“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმა 11 სექტემბერს შეადარა. მისი თქმით, ისრაელისთვის, რომლის მოსახლეობა ათ მილიონზე ნაკლებია, ერთ დღეში 1 400 მოქალაქის მკვლელობა 50 ათასი ამერიკელის მკვლელობის ეკვივალენტურია.

„ცივილიზებული მსოფლიო როგორც გაერთიანდა ნაცისტების დასამარცხებლად, გაერთიანდა „ისლამური სახელმწიფოს“ დასამარცხებლად, ცივილიზებული მსოფლიო უნდა გაერთიანდეს „ჰამასის“ დასამარცხებლად“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.