ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელის მოქალაქეებო, ჩვენ ომში ვართ და ჩვენ გავიმარჯვებთ
ისრაელის მოქალაქეებო, ჩვენ ომში ვართ და ჩვენ გავიმარჯვებთ, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისი თქმით, მტერი არნახულ ფასს გადაიხდის.
„ისრაელის მოქალაქეებო, ჩვენ ომში ვართ. არა ოპერაციაში, არა ესკალაციაში, არამედ ომში. დილით „ჰამასმა“ დაიწყო მოულოდნელი თავდასხმა ისრაელის სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ. ჩვენ დილიდან ამ მდგომარეობაში ვართ. მოვიწვიე უსაფრთხოების სისტემის ხელმძღვანელები. პირველ ყოვლისა, ისრაელში შემოჭრილი ტერორისტების გაწმენდის შესახებ მივეცი დავალება. ეს ოპერაცია ამ დროისთვის მიმდინარეობს. ამასთან ერთად, გავეცი ბრძანება ფართო სარეზერვო მობილიზაციისა და საპასუხო ომისა, ისეთი ძალითა და მასშტაბით, როგორიც არასდროს უნახავთ. მტერი არნახულ ფასს გადაიხდის. ამავდროულად, მოვუწოდებ ისრაელის ყველა მოქალაქეს, მკაცრად დაემორჩილონ არმიის მითითებებს. ჩვენ ომში ვართ და ჩვენ გავიმარჯვებთ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები დღეს, გამთენიისას გაუშვეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „ჰამასმა“ აიღო.
ამასთან, ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო, ისრაელის თავდაცვის ძალებმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს.