ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელის დარტყმებმა ირანის ბირთვული პროგრამა ძალიან დიდი ხნით უკან დასწია
ისრაელის დარტყმებმა ირანის ბირთვული პროგრამა ძალიან, ძალიან დიდი ხნით უკან დასწია, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ვფიქრობ, ჩვენ ისინი ძალიან, ძალიან დიდი ხნით უკან დავწიეთ. არ შემიძლია, დეტალებზე ვისაუბრო. ისრაელმა დაარტყა ირანის სამ მთავარ ბირთვულ ობიექტს – ნატანზს, ისფაჰანსა და ფორდოს, ასევე რამდენიმე წამყვან მეცნიერს, რომლებიც ბირთვული კვლევა-განვითარების სფეროში იყვნენ ჩართულნი. ზიანის მასშტაბი თანდათან თვალსაჩინო ხდება“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ამასთან, ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი სრული გამარჯვების გზაზე დგას.
„ჩვენ დიდი საფრთხის წინაშე ვდგავართ და მას ვანადგურებთ. ჩვენ სრულ კონტროლს მივაღწიეთ – ისრაელი აკონტროლებს ირანის საჰაერო სივრცეს“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, სრულ კოორდინაციაშია აშშ-თან და დონალდ ტრამპთან თითქმის ყოველდღიური კონტაქტი აქვს.
„მე ძალიან ვაფასებ იმ დახმარებას, რომელსაც აშშ გვაწვდის“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ტრამპი გადაწყვეტს, რა არის საუკეთესო აშშ-ისთვის და ისრაელი პატივს სცემს მის ნებას.