ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელი საკუთარი სუვერენიტეტის დასაცავად ყველაფერს გააკეთებს
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანის მისამართით საგანგებო განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, ისრაელი მზად არის, საკუთარი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა დაიცვას.
„ირანმა შეიარაღებული ძალები და ჯავშანტექნიკა სირიაში განალაგა. ეს ერთადერთ მიზანს – ისრაელზე თავდასხმას ემსახურება. დღეს დილით კი ირანმა უპილოტო საფრენი აპარატით ისრაელის საჰაერო სივრცე დაარღვია. ჩვენ მზად ვართ, დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი და ამისთვის ყველა რესურსს გამოვიყენებთ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
10 თებერვალს სირიის ტერიტორიიდან ისრაელის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. მფრინავმა თვითმფრინავიდან გადმოხტომა დროულად მოასწრო. იგი ისრაელის ტერიტორიაზე დაეშვა.
ბენიამინ ნეთანიაჰუმ ადგილობრივ მედიას დაუდასტურა, რომ ირანსა და ისრაელს შორის უკიდურესად დაძაბული ურთიერთობების შესახებ ტელეფონით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ესაუბრა.