ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელი რაფაჰში შესასვლელად ემზადება
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელი რაფაჰში შესასვლელად ემზადება

ისრაელი რაფაჰში შესასვლელად ემზადება, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი ჯარისკაცების ოჯახების წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.

ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ ისრაელი არავის მიატოვებს.

„მე ვიცი, რომ ყოველი დღე, რაც გადის, ჯოჯოხეთია. თქვენი შვილები გმირები არიან, ისრაელელი გმირები“, – მიმართა ნეთანიაჰუმ მძევლად აყვანილი ჯარისკაცების ოჯახების წევრებს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, მძევლების გათავისუფლებას მხოლოდ სამხედრო ზეწოლა უზრუნველყოფს, ამიტომ ისინი რაფაჰში შესასვლელად ემზადებიან.

„მხოლოდ ძლიერი სამხედრო ზეწოლა, რომელიც განვახორციელეთ და განვახორციელებთ, დააბრუნებს ყველას. ჩვენ დავიპყარით ღაზის სექტორის ჩრდილოეთი და ხან იუნისი, ვემზადებით რაფაჰში შესასვლელად“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.