ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ირანს დაემუქრა. მიუნხენის კონფერნეციაზე სიტყვით გამოსვლისას, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ „ირანი მთელი სამყაროსთვის საფრთხეს წარმოადგენს“.
მისივე თქმით, ისრაელი არ დაუშვებს, რომ „თეირანმა კისერზე ტერორის ყულფი შემოავლოს ისრაელს“. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა პარალელი გაავლო 1938 წლის მიუნხენის შეთანმებასა და 2015 წელს ირნთან გაფორმებულ ე.წ. ბირთვულ ხელშეკრულებას შორის.
როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა თქვა, ამ შეთანხმებამ „საშიში ირანული ვეფხვი გაათავისუფლა“. თავის გამოსვლაში ნეთანიაჰუმ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მსოფლიოს მოტყუებაში დაადანაშაულა.
თავისი გამოსვლისას, ისრაელის მთავრობის მეთაურმა აუდიტორიას ისრაელელი სამხედროების მიერ ჩამოგდებული დრონის ნაწილები აჩვენა. მისი მტკიცებით, ირანი იტყუება, როდესაც უარყოფს, რომ ისრაელის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატი გაგზავნა.
მისივე თქმით, ისრაელის ხელისუფლება არ დაუშვებს, რომ ირანმა სირიის ტერიტორიებზე პოზიციების გამაგრება შეძლოს.
„ჩვენს დაზვერვას აქვს ცნობები, რომ თეირანი სირიაში ახალი ბაზების მოწყობას აპირებს. თუ საჭირო გახდება, ჩვენ ვიმოქმედებთ არა მხოლოდ ირანის მარიონეტების, არამედ თავად ირანის წინააღმდეგაც“, – განცხადა ნეთანიაჰუმ.
გასულ კვირას ირანში განაცხადეს, რომ სირიის ტერიტორიიდან ირანის მიერ გაშვებული დრონი ჩამოაგდეს, რასაც ისრაელის ავიაციის იერიში მოჰყვა. საპასუხოდ, სირიელმა სამხედროებმა ისრაელის კუთვნილი გამანადგურებელი ჩამოაგდეს.