ბენიამინ ნეთანიაჰუ - „ჰუსიტებს“ უკვე უნდა სცოდნოდათ, რომ ვითხოვთ მაღალ ფასს ჩვენთვის ზიანის მოყენების მცდელობისთვის, ვისაც შეხსენება სჭირდება, მიბრძანდეს ჰოდეიდას პორტში
ბენიამინ ნეთანიაჰუ - „ჰუსიტებს“ უკვე უნდა სცოდნოდათ, რომ ვითხოვთ მაღალ ფასს ჩვენთვის ზიანის მოყენების მცდელობისთვის, ვისაც შეხსენება სჭირდება, მიბრძანდეს ჰოდეიდას პორტში

სარაკეტო თავდასხმის შემდეგ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ იემენელ „ჰუსიტებს“ მკაცრი პასუხით დაემუქრა.

„„Ჰუსიტებს“ უკვე უნდა სცოდნოდათ, რომ ჩვენ ვითხოვთ მაღალ ფასს ჩვენთვის ზიანის მოყენების მცდელობისთვის. ვისაც შეხსენება სჭირდება, მიბრძანდეს ჰოდეიდას პორტში. ვინც თავს დაგვესხმება, ჩვენ ვერ გაგვექცევა. „ჰამასი“ ამას უკვე აცნობიერებს“, – განაცხადა ისრაელის მთავრობის ხელმძღვანელმა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ ჩრდილოეთ საზღვრის გასწვრივ „ძალთა ბალანსის შეცვლის“ ინიციატივით გამოვიდა. მისი თქმით, პირობას დებს, რომ გააკეთებს „ყველაფერს, რაც საჭიროა“, რათა მოქალაქეები ჩრდილოეთ რეგიონებში თავიანთ სახლებში დაბრუნდნენ.

ისრაელზე სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იემენელმა შიიტმა „ჰუსიტებმა“ აიღეს. ორგანიზაციის სამხედრო სპიკერის, იაჰია სარეას განცხადებით, იემენიდან ისრაელის ქალაქ თელ ავივის მიმართულებით ჰიპერბგერითი რაკეტა ისროლეს. „ჰუსიტები“ აცხადებენ, რომ ისრაელი უნდა ელოდოს მეტ თავდასხმას, მათ შორის, იემენის საპორტო ქალაქ ჰოდეიდას დაბომბვის გამო.