ბენიამინ ნეთანიაჰუ - „ჰეზბოლა“ მძიმე ფასს გადაიხდის, რომელიც აქამდე არ გადაუხდია
„ჰეზბოლა“ მძიმე ფასს გადაიხდის, რომელიც აქამდე არ გადაუხდია, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის დრუზთა თემის ლიდერთან საუბარში განაცხადა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებით, ნეთანიაჰუმ ღრმა შეშფოთება გამოთქვა „ჰეზბოლას“ მიერ ბავშვებისა და უდანაშაულო ხალხის მკვლელობის გამო.
„პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ ნათლად განაცხადა, რომ ისრაელი არ დაუშვებს, გაატაროს მომაკვდინებელი თავდასხმები და „ჰეზბოლა“ მძიმე ფასს გადაიხდის, რაც აქამდე არ გადაუხდია“, – ნათქვამია განცხადებაში.
გოლანის მაღლობის ჩრდილოეთზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად, ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 11-მდე ადამიანი, მათ შორის ბავშვები. დაშავებულია 30-მდე ადამიანი. ისრაელი მომხდარზე პასუხისმგებლობას „ჰეზბოლას“ აკისრებს, რასაც „ჰეზბოლა“ კატეგორიულად უარყოფს.