ბენიამინ ნეთანიაჰუ და ბენი განცი პრემიერ-მინისტრის პოსტის როტაციის პრინციპით დაკავების საკითხს განიხილავენ
ბენიამინ ნეთანიაჰუ და ბენი განცი პრემიერ-მინისტრის პოსტის როტაციის პრინციპით დაკავების საკითხს განიხილავენ

ბენიამინ ნეთანიაჰუ და ბენი განცი პრემიერ-მინისტრის პოსტის როტაციის პრინციპით დაკავების საკითხს განიხილავენ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც პარტია „ჩვენი სახლი ისრაელის“ ლიდერმა ავიგდორ ლიბერმანმა განაცხადა, განიხილება ვარიანტი, რომ თავდაპირველად ორი წლით პრემიერის თანამდებობას ბენიამინ ნეთანიაჰუ ან ბენი განცი დაიკავებს, შემდეგი ორ წელს კი, მას მეტოქე შეცვლის. თუმცა სადავო საკითხს ამ დროისთვის წარმოადგენს ის, თუ ვინ დაიკავებს პრემიერის პოსტს პირველი – ბენი განცი თუ ბენიამინ ნეთანიაჰუ.

მოქმედ პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუსა და მის მეტოქეს, პარტია „ლურჯი და თეთრის“ ლიდერ ბენი განცს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 23 სექტემბერს გაიმართა.

17 სექტემბერს გამართული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგად ვერც ერთმა პარტიამ ვერ შეძლო მთავრობის ფორმირებისთვის საკმარისი ხმების მოპოვება. ისრაელის პრეზიდენტმა რეუვენ რივლინმა პოლიტიკურ ოპონენტებს ჩიხიდან გამოსასვლელად დიდი ერთიანი მთავრობის შექმნა შესთავაზა.
ისრაელის ისტორიაში როტაციის პრინციპით პრემიერების შეცვლის პრეცედენტი უკვე იყო 80-იან წლებში, როდესაც პრემიერ-მინისტრის თანამდებობის გაზიარებაზე მემარცხენე შიმონ პერესი და მემარჯვენე იცჰაკ შამირი შეთანხმდნენ.