ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ღაზაში ჰუმანიტარული პაუზის დასრულების შემდეგ, ისრაელი განაახლებს სამხედრო კამპანიას „ჰამასის“ გასანადგურებლად
ღაზაში ჰუმანიტარული პაუზის დასრულების შემდეგ, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ომის გაგრძელებით იმუქრება. ნეთანიაჰუ ამტკიცებს, რომ ისრაელი განაახლებს სამხედრო კამპანიას „ჰამასის“ გასანადგურებლად.
ისრაელის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ომის მთავარი მიზნებია ღაზის მმართველი ტერორისტული ჯგუფის „ლიკვიდაცია“, 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტის შედეგად აყვანილი ყველა მძევლის სახლში დაბრუნება და იმის უზრუნველყოფა, რომ ანკლავი „არასოდეს გახდეს საფრთხე ისრაელისთვის“.
მძევლების მეექვსე ჯგუფის მოსალოდნელი გათავისუფლების წინ ნეთანიაჰუ მიესალმება გატაცებული ისრაელელების დაბრუნებას, რაც, მისი თქმით, გასულ კვირას „წარმოსახვითად“ ჟღერდა.
„ბოლო დღეებში მოვისმინე კითხვა: დაუბრუნდება თუ არა ისრაელი ბრძოლას ჩვენი მძევლების დაბრუნების ეტაპის დასრულების შემდეგ? ჩემი პასუხი არის ცალსახა: დიახ. ჩვენ არ შეგვიძლია, არ დავუბრუნდეთ ბრძოლას ბოლომდე“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.