ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ გააუქმებს მრჩევლების ვიზიტს ვაშინგტონში, თუ აშშ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის მოწოდების შემცველ რეზოლუციას ვეტოს არ დაადებს
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ გააუქმებს მრჩევლების ვიზიტს ვაშინგტონში, თუ აშშ დღეს დაგეგმილ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის მოწოდების შემცველ რეზოლუციას ვეტოს არ დაადებს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „თაიმს ოფ ისრაელი“ ავრცელებს.
კერძოდ, როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისში განაცხადეს, აშშ ვეტოს თუ არ დაადებს გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რომელშიც ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის წინაპირობად მძევლების გათავისუფლება არ იქნება ჩაწერილი, მაშინ ისრაელის პრემიერ-მინისტრის ორი მრჩევლის ვიზიტი ვაშინგტონში გაუქმდება.
ცნობისთვის, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ბენიამინ ნეთანიაჰუს მრჩეველი ცახი ჰანეგბი და სტრატეგიულ საქმეთა მინისტრი რონ დერმერი აშშ-ში ვიზიტს გეგმავენ, რათა გაეცნონ ამერიკული მხარის შეთავაზებას, რომელიც მიზნად ისახავს ღაზის სექტორში დამატებითი ჰუმანიტარული ტვირთის ჩატანას. ეს ვიზიტი გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიჰუს შორის სატელეფონო საუბრის დროს დაიგეგმა. ნეთანიაჰუ ვიზიტის გაუქმებით მას შემდეგ დაიმუქრა, რაც ბაიდენის ადმინისტრაციისგან მიიღო ინფორმაცია, რომ აშშ მხარს დაუჭერს გაერო-ს ორ რეზოლუციას, რომელთაგან ერთში ჩაწერილია ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ მოთხოვნა, ხოლო მეორეში – „ჰამასის“ მიმართ მოწოდება ისრაელელი მძევლების გათავისუფლების შესახებ.