„ბენდელას“ თასზე გუნდები დაწყვილდნენ - თბილისში აზერბაიჯანული და ყაზახური გუნდები გვეწვევიან #1TVSPORT
„ბენდელას“ თასის ორგანიზატორებმა წილისყრა ჩაატარეს და გუნდები ჯგუფებში გადანაწილეს. ტრადიცილული გათამაშება წელს 31-ედ ტარდება და 16-22 დეკემბერს თბილისში, „ბენდელას“ სტადიონზე საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს” ორგანიზებით გაიმართება.
ზაზა ბენდელიანი მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული იყო. ახალგაზრდა ფეხბურთელი აფხაზეთის ომში გმირულად გარდაიცვალა – ომში გამოვლენილი ვაჟკაცობისთვის, ზაზას გარდაცვალების შემდეგ, ბენდელიანის ოჯახს ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი გადაეცა.
„ბენდელას თასის“ 31-ე გათამაშება საერთაშორისო სტატუსით ჩატარდება – ტურნირზე წლეულს 2010 წელს დაბადებულები ითამაშებენ – სულ ოთხი 4-გუნდიანი ჯგუფი იქნება, ჯამში მთავარი პრიზისთვის 16 გუნდი იბრძოლებს, მათ შორის, უცხოური გუნდებიც.
წლევანდელ გათამაშებაში ითამაშებენ ბათუმის „დინამო“, „გორი“, „სამტრედია“, მარტვილის აკადემია, ზესტაფონის „მარგვეთი“, ჩხოროწყუს „ერთობა“, „რუსთავი“, „სელერო“, „ვიკინგები“, „საბურთალოს“ რამდენიმე გუნდი. ასევე მოწვეულები არიან აზერბაიჯანის „საბაჰი“ და „ვატანი“, ყაზახეთის „სპარტაკ-ჟუნიორი“.