მამუკა კვარაცხელია - „სახალისო ფეხბურთი“ ხევსურეთშიც ავიტანეთ #1TVSPORT
მამუკა კვარაცხელია - „სახალისო ფეხბურთი“ ხევსურეთშიც ავიტანეთ #1TVSPORT

უეფას მედიაოფიცერი, ფეხბურთის ფედერაციის სტადიონების განყოფილების უფროსი მამუკა კვარაცხელია ხევსურეთში „სახალისო ფეხბურთის“ პროექტის განხორციელებაზე სოციალურ ქსელში წერს.

არც მეტი და არც ნაკლები, „სახალისო ფეხბურთი“ ხევსურეთში, ბარისახოში ავიტანე, თუმცა უჩემოდაც აქ ყველა კვარას ფანია! 400 ბავშვი რომ სწავლობდა კომუნისტებისას, ახლა სულ 49 დარჩა, თან ზოგიერთი 10 კილომეტრით მოშორებულ სოფელში ცხოვრობს და „სახალისო ფეხბურთს“ ვერ ჩამოასწრო, მაგრამ დირექტორ ლელა არაბულს, „ვეფხისტყაოსანი“ ზეპირად რომ იცის, ყველასთვის დავუტოვე მაისურები და ბურთები, ზაზა და ტრისტან მასწავლებლებმა კი პირობა მომცეს, რომ ბავშვებს აწი მუდამ ფეხბურთში ავარჯიშებენ და ვინ იცის, ახლა ავსტრალიაში, „მაკარტურში“ მოთამაშე ბაჩანა არაბულს ეგება კიდევ შეემატონ ვარსკვლავები ბარისახოდან“, – წერს მამუკა კვარაცხელია.

„სახალისო საფეხბურთო ღია სკოლა“ დანიაში წამოწყებული საერთაშორისო პროექტია, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით 1998 წლიდან ხორციელდება და მთავარი მიზანი 5-12 წლამდე ბავშვების საფეხუბრთო ცხოვრებაში ჩართვაა. 1998 წლიდან დღემდე აღნიშნულ პროექტში 950 000-ზე მეტმა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა.

„სახალისო საფეხბურთო ღია სკოლა“ საქართველოში 2003 წლიდან მიმდინარეობს – პროექტი საქართველოს ბევრ რაიონში განხორციელდა.