ბენ ჰოჯესი - შეხედეთ, როგორი ეფექტური იყო 16 „ჰაიმარსი“, წარმოიდგინეთ, უკრაინელებს 30 ან 40 ასეთი სისტემა რომ ჰქონოდათ
შეხედეთ, როგორი ეფექტური იყო „ჰაიმარსის“ 16 სისტემა. წარმოიდგინეთ, როგორ განვითარდებოდა მოვლენები უკრაინელებს 30 ან 40 ასეთი სისტემა რომ ჰქონოდათ, – ამის შესახებ განცხადება ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ძალების ყოფილმა მეთაურმა, ბენ ჰოჯესმა „საქართველოს რადიოსთან“ ინტერვიუში გააკეთა.
„ცხადია, რომ ის შესაძლებლობები და აღჭურვილობა, რასაც უკრაინის შეიარაღებული ძალები ითხოვდნენ და ყველაზე მეტად დაეხმარა უკრაინელებს წინსვლაში, არის შორ მანძილზე მოქმედი, მაღალი სიზუსტის მქონე შეიარაღება. არსებობს სხვადასხვა ტიპის ასეთი შეიარაღება, მაგრამ რეალურად ამ იარაღმა მნიშვნელოვანი შედეგები აჩვენა და ცვლილება შეიტანა ბრძოლის ველზე, რადგან ამ შეიარაღების გამოყენებით შესაძლებელია ბლოკ საგუშაგოების, ლოჯისტიკის განადგურება. ცხადია, უკრაინელებს ჯერ კიდევ სჭირდებათ თავდაცვა რუსეთის ფრთოსანი რაკეტებისგან. მათ სჭირდებათ ანტისაჰაერო თავდაცვითი სისტემები. ამასთან, ის შეიარაღება, რაც უკრაინელებს უკვე აქვთ, არ არის საკმარისი. შეხედეთ, როგორი ეფექტური იყო „ჰაიმარსის“ 16 სისტემა. წარმოიდგინეთ, როგორ განვითარდებოდა მოვლენები უკრაინელებს 30 ან 40 ასეთი სისტემა რომ ჰქონოდათ,“ – განაცხადა ჰოჯესმა.
მისივე შეფასებით, რუსთის უკვე აღარ აქვს ძალა მეორე ფრონტის გასახსნელად.
„ჩემი აზრით, უკრაინელები გააგრძელებენ ბრძოლას მთელი ზამთრის განმავლობაში. ისინი არ გაჩერდებიან, რადგანაც თუ ასე მოხდება ეს რუსეთს ფეხზე წამოდგომის და ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ უკრაინელები გააგრძელებენ რუსებზე ზეწოლას მთელი ზამთრის განმავლობაში. მე არ მგონია, რომ რუსებს ჰქონდეთ რაიმე ძალა დარჩენილი, რომლითაც შეძლებდნენ სიტუაციის დაძაბვას ან ახალი შეტევის წამოწყება. ეს უახლოეს მომავალში არ მოხდება,“ – განაცხადა ინტერვიუში ამერიკელმა გენერალმა.
ბენ ჰოჯესს ასევე მიაჩნია, რომ უკრაინისა და აშშ-ის თანამშრომლობა სამხედრო და უსაფრთხოების სფეროში უახლოეს ხანში გაფართოვდება. ამასთან, ამერიკელი გენერალი მიიჩნევს, რომ ევროპაში უსაფრთხოების რეალურ გარანტიებს მხოლოდ ნატო-ს წევრობა იძლევა.
„აშშ ახლა მუშაობს სტრატეგიაზე შავი ზღვის რეგიონისთვის. ეს იქნება ყოვლისმომცველი სტრატეგია, რომელიც მოიცავს ეკონომიკას, დიპლომატიას, საინფორმაციო სივრცეს და ცხადია, სამხედრო და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობას. ჩემი აზრით, ჩვენ ვიხილავთ მნიშვნელოვან გაფართოებას უსაფრთხოების სფეროში ფორმალურ, სტრუქტურულ თანამშრომლობაში აშშ-სა და უკრაინას შორის. ახლა მხოლოდ შეიარაღებას ვაწვდით უკრაინელებს დახმარების სახით. ვფიქრობ, ჩვენ უახლოეს ხანში ვიხილავთ უფრო ფორმალურ, ორგანიზებულ ძალისხმევას, რაც ძალიან დაგვეხმარება. ეს არის ნაბიჯი წინ, თუმცა არ არის უსაფრთხოების გარანტია. მე შემიძლია, წარმოვიდგინო ის დრო და იმედი მაქვს, რომ ეს დრო დადგება, როდესაც უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი. შუალედურ პერიოდში კი იმედი მაქვს, აშშ იპოვის გზას, რათა დაეხმაროს უკრაინას თავდაცვაში. რაიმე სახის უსაფრთხოების გარანტია – ეს იქნება სათანადო ნაბიჯი. უკრაინას ჰქონდა გარანტიები ბუდაპეშტის მემორანდუმით, თუმცა ამან არ იმუშავა. ამიტომ, ვფიქრობ, რომ უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია ევროპაში, რასაც ნამდვილად აქვს მნიშვნელობა, არის ნატო“, – განაცხადა ჰოჯესმა.
ინტერვიუს სრული ვერსიის მოსმენა შეგიძლიათ, ლევან ახალაიას საავტორო გადაცემაში „მსოფლიოს ამბები“.