ბელგოროდში „ილ-76“-ის ჩამოვარდასთან დაკავშირებით, რუსეთის მოთხოვნით, გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა
ბელგოროდში „ილ-76“-ის ჩამოვარდასთან დაკავშირებით, რუსეთის მოთხოვნით, გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა

ბელგოროდში „ილ-76“-ის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით, რუსეთის მოთხოვნით, გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა.

„კიევის კრიმინალური რეჟიმის დასავლელი სპონსორები პასუხისმგებელნი არიან რეჟიმის დანაშაულებზე. მსგავს სიტუაციებში თქვენ ხაზს უსვამთ იმ ფაქტს, რომ უკრაინა იყენებს ამ იარაღს ლეგიტიმური თავდაცვისთვის. იქნებ დღეს აგვიხსნათ, როგორ არის დაკავშირებული თავდაცვა თვითმფრინავის ჩამოგდებასთან, რომელსაც თქვენივე ტყვეები გადაჰყავთ, რათა ჩატარდეს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პროცედურა?“ – აღნიშნა გაერო-ში რუსეთის მუდმივმოქმედი წარმომადგენლის მოადგილემ, დიმიტრი პოლიანსკიმ.

ამასთან, პოლიანსკიმ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ორმაგი სტანდარტების გამოყენებაში დაადანაშაულა.

გაერო-ში უკრაინის წარმომადგენელმა, კრისტინა ჰაიოვიშინმა კი აღნიშნა, რომ, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, უკრაინელი სამხედრო ტყვეების სიცოცხლეზე სრულ პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება.

„ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას, რათა დადგინდეს ამ ინციდენტის ყველა გარემოება. უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაზე უშუალო პასუხისმგებელი რუსეთია. უკრაინელებს შორის არცერთი დანაკარგი არ იქნებოდა, პუტინს ომის დაწყების ბრძანება რომ არ გაეცა. აუცილებელია, ყველა მკაფიო ფაქტის შეძლებისდაგვარად დადგენა, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი თვითმფრინავი ჩვენი კონტროლის მიღმაა. „ფაქტები“ ახლა მთავარი სიტყვაა“, – განაცხადა გაერო-ში უკრაინის ელჩის მოადგილემ, კრისტინა ჰაიოვიშინმა.

გაერო-ში უკრაინის წარმომადგენელმა დასძინა, რომ უკრაინის ხელისუფლება იძიებს ყველა გარემოებას. მისივე თქმით, თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა და რუსმა სამხედროებმა სასწრაფო დახმარების მუშაკებს პროტოკოლის შესაბამისად არ მისცეს ავარიის ადგილის დათვალიერების უფლება.

„ილ 76“-ის ჩამოგდების გამო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა 24 იანვარს მოითხოვა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, „ილ-76“-ის თვითმფრინავი, სადაც 65 უკრაინელი სამხედრო ტყვე იმყოფებოდა, უკრაინელმა სამხედროებმა ორი საზენიტო რაკეტით ჩამოაგდეს. უკრაინის შეიარაღებულ ძალებში კი განაცხადეს, რომ თვითმფრინავს რაკეტები გადაჰქონდა. ამის შემდეგ განცხადება გაავრცელა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომაც, სადაც აღნიშნულია, რომ არ აქვთ სანდო ინფორმაცია, ვინ იმყოფებოდა ბელგოროდში ჩამოგდებულ რუსულ თვითმფრინავში.