ბელგოროდის გუბერნატორი აცხადებს, რომ უკრაინის მხრიდან დრონებით მასირებული იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
ბელგოროდის გუბერნატორი აცხადებს, რომ უკრაინის მხრიდან დრონებით მასირებული იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ბელგოროდის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი ოლქზე დრონებით მასირებული იერიშის შესახებ აცხადებს. როგორც გლადკოვი ტელეგრამარხზე წერს, დაღუპულია ერთი ქალი. მისი ცნობით, ის საცხოვრებელ სახლზე დრონით განხორციელებული პირდაპირი დარტყმის შედეგად დაიღუპა. ასევე დაშავებულია ოთხი ადამიანი.

გუბერნატორის ინფორმაციით, ასევე დაზიანებულია მრავალსართულიანი სახლები, კომერციული ობიექტები და ავტომობილები.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დილის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბელგოროდის ოლქის თავზე აღმოჩენილი და განადგურებულია 29 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი. უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ბელგოროდზე იერიშთან დაკავშირებით კომენტარი არ გაკეთებულა.

ამასთან, კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი ალექსეი სმიტონოვი ტელეგრამარხზე წერს, რომ უკრაინის მხრიდან ქალაქ სუჯისთვის ცეცხლის გახსნის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. მისი ცნობით, ცეცხლის გახსნის შედეგად სამ სახლში ხანძარი გაჩნდა.