ბელგიის პრემიერი - ვიქტორ ორბანს უკრაინის საკითხზე ვეტოს უფლებით არ უსარგებლია, ის ხმის მიცემაში არ მონაწილეობდა, თუმცა ამას მნიშვნელობა არ აქვს
ბელგიის პრემიერ-მინისტრის თქმით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრს უკრაინის საკითხზე ვეტოს უფლებით არ უსარგებლია. ბელგიის პრემიერ-მინისტრმა განმარტა, როგორ იყო მიღებული უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილება უნგრეთის გარეშე.
ალექსანდრ დე კროს თქმით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი არ იღებდა მონაწილეობას ხმის მიცემის პროცესში, თუმცა ამას მნიშვნელობა არ აქვს.
„ამას არ აქვს მნიშვნელობა. ერთადერთი, რასაც აქვს მნიშვნელობა არის, იყენებს თუ არა ქვეყანა ვეტოს უფლებას. როგორც ვნახეთ უნგრეთს ვეტო არ გამოუყენებია, შესაბამისად ცხადი გახდა, რომ გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. მე დიდ ყურადღებას არ გავამახვილებდი, ვინ სად იყო ამ დროს. ბატონი ორბანი ძალიან კარგად იყო გათვითცნობიერებული გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც იქნებოდა მიღებული. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც აერთიანებს 27 წევრ ქვეყანას. გზავნილი არის მკაფიო, რომ ჩვენ ვართ უკრაინელების მხარეს, ჩვენ ვიბრძვით თავისუფლებისთვის და მათი ქვეყნის პატივისცემისთვის. გზავნილი მოსკოვისთვის იყო ძალიან მკაფიო, რომ ჩვენ ვერ დაგვაშინებენ, ევროპა ერთიანია და ჩვენ ვართ უკრაინელების გვერდით, ყველაზე რთულ დროსაც კი.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა, რომ თავი შეიკავა ევროპული საბჭოს სხდომაზე უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროცესის დაწყების საკითხზე კენჭისყრაში მონაწილეობისგან. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა თავის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა. ორბანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა ბუდაპეშტის პოზიცია, რომ უკრაინა არ არის მზად, რომ მასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს.
„მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გადაწყვეტილება ამ პირობებში აბსოლუტურად უაზროა, არარაციონალური და არასწორია“, – ამბობს ორბანი.
მისივე თქმით, ევროკავშირის დანარჩენი 26 წევრი ქვეყანა დაჟინებით მოითხოვდა უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყებას და მათ გადაწყვიტეს „საკუთარი გზით იარონ“.
„უნგრეთს არ სურს ამ ძალიან ცუდ გადაწყვეტილებაში მონაწილეობა“, – განაცხადა ორბანმა.