ბელგიის პრემიერ-მინისტრი - ჩვენთვის მისაღებია გაფართოების შესახებ ევროკომისიის რეკომენდაცია, ის ითვალისწინებს რეფორმების დიდ პაკეტს, რომელიც შესრულდა საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში
ბელგიის პრემიერ-მინისტრი - ჩვენთვის მისაღებია გაფართოების შესახებ ევროკომისიის რეკომენდაცია, ის ითვალისწინებს რეფორმების დიდ პაკეტს, რომელიც შესრულდა საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში

ბელგიის პრემიერ-მინისტრის, ალექსანდრ დე კროს განცხადებით, ევროპის ერთიანობა არის გადამწყვეტი უსაფრთხოების შენარჩუნებისთვის.

„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, უკრაინელ მეგობრებს მტკიცე გზავნილი გავუგზავნოთ, უპირველეს ყოვლისა სამხედრო და ფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებით, ასევე გაფართოების კუთხით. ევროპის ერთიანობა არის გადამწყვეტი ჩვენი უსაფრთხოების შენარჩუნებისთვის. ერთიანობას თუ არ გამოვიჩენთ, ეს ბოროტად იქნება გამოყენებული მათ მიერ, ვინც ევროპულ კონტინენტს საფრთხეს უქმნის. ჩვენ უკიდურესად მკაფიო პოზიცია უნდა გვქონდეს მხარდაჭერასთან დაკავშირებით და ეს არის მთავარი საკითხი, რომელზეც დღეს უნდა ვისაუბროთ“, – განაცხადა ალექსანდრ დე კრომ.

ბელგიის პრემიერის განცხადებით, მხარს უჭერენ ევროკომისიის შეფასებას ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით.

„გაფართოების შესახებ ევროკომისიის რეკომენდაცია არის ჩვენთვის მისაღები. ის ითვალისწინებს რეფომების ძალიან დიდ პაკეტს, რომელიც შესრულდა უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში. ასე რომ, ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკომისიის შეფასებას“, – განაცხადა ალექსანდრ დე კრომ.

ამასთან, ალექსანდრ დე კროს კითხვა დაუსვეს უკრაინასთან და მოლდოვასთან წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პოზიციაზე.

„მე არ მსურს, შევიდე ერთგვარი ბაზრის ლოგიკაში, სადაც ჩვენ ვვაჭრობთ ერთი რამით, მეორის სანაცვლოდ. საქმე ეხება უკრაინის უსაფრთხოებას, მათთვის სამხედრო და ფინანსური დახმარების მიწოდებას, ეს არის დისკუსიის თემა. სხვა დისკუსია ეხება უნგრეთში კანონის უზენაესობას და მას არაფერი აქვს საერთო იმ დისკუსიასთან, რომელიც დღეს გვაქვს“, – განაცხადა ალექსანდრ დე კრომ.

ბელგიის პრემიერ-მინისტრს მედიის წარმომადგენლებმა ასევე კითხვით მიმართეს გაფართოების პაკეტში საკითხების გამიჯვნის შესაძლებლობაზე.

„ვფიქრობ, ევროკომისიის ყოვლისმომცველი შეთავაზება არის წინსვლის სწორი გზა. ასე რომ, მოდით, შევინარჩუნოთ ეს ერთად პაკეტში“, – განაცხადა ალექსანდრ დე კრომ.

ალექსანდრ დე კროს თქმით, ევროკავშირში გაწევრიანება რეფორმების მაღალ დონეს მოითხოვს.

„უკრაინამ და სხვა ქვეყნებმა ბოლო თვეებში უზარმაზარი ძალისხმევა გასწიეს და ჩვენ ტაში უნდა დავუკრათ იმ სამუშაოს, რომელიც შესრულდა, თუმცა საშინაო დავალების შესრულება მხოლოდ მათ არ სჭირდებათ. ჩვენც უნდა შევასრულოთ ჩვენი საშინაო სამუშაო. ამ მომენტისთვის, ევროკავშირი არ არის მზად დიდი გაფართოებისთვის. ასე რომ, ჩვენ თავად გვაქვს ჩვენი სამუშაო შესასრულებელი. ამას გარკვეული დრო სჭირდება. ეს არ არის ნეგატიური გზავნილი. სწორედ ამიტომ, პროცესი უნდა დაიწყოს და ჩვენ უნდა შევასრულოთ ასევე ჩვენი საშინაო სამუშაო“, – განაცხადა ბელგიის პრემიერმა.