ბელგიაში უახლოეს დღეებში შეაფასებენ, როდის და რა პირობებით დაუშვებენ ვიზიტორებს იმ 14 ქვეყნიდან, რომელიც ევროკავშირმა უსაფრთხოდ აღიარა
ევროკავშირის მიერ დამტკიცებული რეკომენდაციის საფუძველზე, ბელგიის მთავრობა უახლოეს დღეებში შეაფასებს, როდის და რა პირობებით დაუშვებს ქვეყანაში ვიზიტორებს იმ 14 ქვეყნიდან, რომელიც ევროკავშირმა უსაფრთხოდ აღიარა. ამის შესახებ ნათქვამია ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყების განცხადებით, ბელგია შეასრულებს ევროპულ შეთანხმებას, თუმცა, სწრაფად ცვალებადი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, ფრთხილი მიდგომა ექნება. უახლოეს დღეებში ბელგიის მთავრობა შეაფასებს და მალე გადაწყვეტს, როდის და რა პირობებით შეუშვას ბელგიის ტერიტორიაზე მოგზაურები აღნიშნული 14 ქვეყნიდან. გადაწყვეტილების მიღებისას ბელგიის მთავრობა ექსპერტების რჩევას გაითვალისწინებს.
ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დღეს ევროკავშირის 27 წევრმა სახელმწიფომ მწვანე შუქი აუნთო ევროკავშირის არაწევრი 14 ქვეყნიდან არასასწრაფო აუცილებლობის მოგზაურების მიღებას. თუ რა პირობებით და რა ვადებში მოხდება სამოგზაურო შეზღუდვების შემსუბუქება აღნიშნული ქვეყნებისთვის, თავად ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადასაწყვეტია, აღნიშნავენ უწყებაში.
დღეს ევროკავშირმა წევრი ქვეყნებისთვის გასცა რეკომენდაცია, გაუხსნან პირველი ივლისიდან საზღვრები 14 ქვეყანას, მათ შორის არის საქართველო.
ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ რეკომენდაცია იურიდიულად სავალდებულო არ არის და მის შესრულებაზე პასუხისმგებლობა წევრ სახელმწიფოებს ეკისრებათ.