ბელარუსში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, ვირუსით ინფიცირებული ირანის მოქალაქეა.
„ბელარუსში დაფიქსირდა კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა. ინფიცირებული ირანელი სტუდენტია“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
ირანის მოქალაქე ბელარუსში 23 თებერვალს ბაქოდან ჩავიდა. „პაციენტი და ის ადამიანები, ვისაც მასთან კონტაქტი ჰქონდა მინსკის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული. ახალგაზრდა მამაკაცი თავს კარგად გრძნობს“, – აცხადებენ ბელარუსის ჯანდაცვის სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის ინფექცია პირველად 2019 წლის დეკემბერში ჩინეთში გავრცელდა. ჩინეთის გარდა ვირუსი უკვე დაფიქსირდა 50-ზე მეტ ქვეყანაში.