ბელარუსის პარლამენტმა „ტერორისტული თავდასხმის, სახელმწიფო ან საზოგადო მოღვაწის მკვლელობის მცდელობისთვის“ სიკვდილით დასჯა დაამტკიცა
ბელარუსის პარლამენტმა დაამტკიცა სიკვდილით დასჯა ტერორისტული თავდასხმისა და სახელმწიფო ან საზოგადო მოღვაწის მკვლელობის მცდელობისთვის.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, ეს შესწორება საკანონმდებლო ორგანომ კანონში მას შემდეგ შეიტანა, რაც ბელარუსში გახშირდა ოპოზიციის წარმომადგენელთა თავდასხმები ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე.
მათივე ცნობით, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომის შემდეგ ბელარუსის ოპოზიციურმა მოძრაობამ მოუწოდა მოქალაქეებს, დაიწყონ ე.წ. სარკინიგზო ომი, რაც სამხედრო ტექნიკის გადაადგილებისთვის ხელისშემშლელი ფაქტორი იქნებოდა.
აპრილის ბოლოს, ბელარუსში სარკინიგზო ხაზების ბლოკირების ბრალდებით 60 ადამიანი იყო დაკავებული. სულ მცირე ერთი ადამიანი ტერორიზმში დაადანაშაულეს.
ბელარუსი ერთადერთი ქვეყანაა ევროპაში, სადაც სიკვდილით დასჯა მოქმედებს.