ბეირუთის პორტში ამონიუმის ნიტრატის რეზერვუარის აფეთქებიდან ერთი წლის თავზე ადგილობრივები უკმაყოფილებას გამოთქვამენ, რომ გამოძიება წინ არ მიიწევს
ბეირუთის პორტში ამონიუმის ნიტრატის რეზერვუარის აფეთქებიდან ერთი წლის თავზე ადგილობრივები უკმაყოფილებას გამოთქვამენ, რომ გამოძიება წინ არ მიიწევს

ბეირუთის პორტში ამონიუმის ნიტრატის რეზერვუარის აფეთქებიდან ერთი წელი გავიდა. ექსპერტების შეფასებით, ყველაზე მასშტაბურ, არაბირთვულ აფეთქებას მსოფლიო ისტორიაში 200 -ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 6000-ზე მეტმა პირმა კი, სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო.

ადგილობრივები განრისხებას ვერ მალავენ, ვინაიდან, მომხდარიდან ერთი წლის თავზე, გამოძიება წინ არ მიიწევს და არ დაკითხულა არც ერთი მაღალჩინოსანი.

„ჰუმან რაითს უოჩის“ მიერ გამოქვეყნებულ 700-გვერდიან ანგარიშში, საუბარია, რომ არსებობს მტკიცებულება, რომ ქვეყნის პრეზიდენტი მიშელ აუნი და პრემიერ-მინისტრი ჰასან დიაბი, საქმის კურსში იმყოფებოდნენ საფრთხის შემცველ ტვირთთან დაკავშირებით, რომლის შენახვის პირობებიც სტანდარტებს არ შეესაბამებოდა. აფეთქების შედეგად, საცხოვრებელი 300 ათასზე მეტმა ადამიანმა დაკარგა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბეირუთში აფეთქებული ამონიუმის ნიტრატი საქართველოში, რუსთავის „აზოტში“ იყო წარმოებული. ხომალდის კაპიტანი ბორის პროკოშევი აფეთქების შემდეგ იხსენებდა, რომ 2750 ტონა ტვირთი მოზამბიკში უნდა გადაეტანა, თუმცა ხომალდის მფლობელმა მას გზად დაუგეგმავი გაჩერებით, ბეირუთში შევლა და ტვირთის დამატება მოსთხოვა, რომელიც იორდანიაში უნდა დაეცალათ. ხომალდზე ტვირთის ატანა გაპრობლემდა, გემს კი პორტის მიმართ დავალიანება დაუგროვდა და მისი დატოვება ვეღარ შეძლო. უსაფრთხოების მიზნით, ამონიუმის ნიტრატი საწყობში გადაიტანეს.