ბეგლარიშვილი კვლავ იმედოვნებს, რომ ესტონეთის ნაკრებში მიიწვევენ
ბეგლარიშვილი კვლავ იმედოვნებს, რომ ესტონეთის ნაკრებში მიიწვევენ

ტალინის „ლევიდიაში“ წელს ჩარიცხული ქართველი ნახევარმცველი ზაქარია ბეგლარიშვილი, რომელმაც 2019 წლის სექტემბერში მიიღო ესტონეთის პასპორტი, კვლავ იმედოვნებს, რომ ესტონეთის საფეხბურთო ნაკრებში მოხვდება.

ამის შესახებ ბეგლარიშვილმა Soccerernet.ee-სთან ინტერვიუში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯერჯერობით არცერთი სამწვრთნელო შტაბი მას არ ეკონტაქტებოდა.

„მაგრამ ეს არ მაწუხებს. უპირველეს ყოვლისა, მე მინდა ვაჩვენო საკუთარ თავს, რომ ესტონეთის ნაკრებში თამაში შემიძლია და უკეთესი ვარ, ვიდრე ისინი, ვინც ამჟამად ესტონეთის ნაკრებში თამაშობენ. თუ ამას მოვახერხებ და მწვრთნელები დაინახავენ, რომ კარგად ვთამაშობ, იმედი მაქვს, რომ ეროვნულ ნაკრებში მოვხვდები. რა თქმა უნდა, მინდა ესტონეთის მთავარ ნაკრებში ვითამაშო, რადგან მიყვარს ესტონეთი და ესტონეთის მოქალაქე ვარ”, – თქვა ბეგლარიშვილმა.

გასულ სეზონში 30 წლის ფეხბურთელმა ფინეთის პირველ ლიგაში ითამაშა. ბეგლარიშვილმა 20 მატჩი ჩაატარა „კოტკაში“ და 5 გოლი გაიტანა. ეს გუნდი, რომელსაც ესტონელი მწვრთნელი არგო არბეიტერი ხელმძღვანელობდა, საბოლოოდ მთავარ ფინურ საფეხბურთო ლიგაში დაწინაურდა.

თბილისში გაზრდილი ბეგლარიშვილი ქართულ კლუბებში 2007 წლიდან 2009 წლამდე თამაშობდა, შემდეგ იყო ტალინის „ფლორას“ ფეხბურთელი (2010-2012, 2014-2019). 2019 წლის სეზონი უნგრეთის „ჰონვედსა“ და ფინურ „სეინიოკიში“ იჯარით გაატარა.

ბეგლარიშვილი „ფლორასთან“ ერთად ესტონეთის ოთხგზის ჩემპიონია (2010, 2011, 2015, 2017). საერთო ჯამში, შემტევმა ნახევარმცველმა „ფლორაში“ 240 თამაში ჩაატარა, გაიტანა 94 გოლი და 95 საგოლე პასი გააკეთა.

2018 წლის შემოდგომაზე ბეგლარიშვილმა ჩააბარა მოქალაქეობის გამოცდები და 2019 წლის სექტემბერში ესტონეთის პასპორტი მიიღო. 2020 წელს „ფლორა“ ესტონეთის ჩემპიონი გახდა, ბეგლარიშვილის ახალი კლუბი „ლევადია” კი მესამე ადგილზე გავიდა.