„ნარვა ტრანსმა“ სერგო კუხიანიძე და ვაჟა ნემსაძე დაიმატა [ვიდეო] #1TVSPORT

ესტონურ კლუბში, „ნარვა ტრანსში“ კარიერას კიდევ ორი ქართველი ფეხბურთელი – სერგო კუხიანიძე და ვაჟა ნემსაძე გააგრძელებს.

სერგო კუხიანიძემ კლუბთან კონტრაქტი ერთი წლით გააფორმა, ის გუნდში 9-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ესტოურ კლუბში ჩარიცხვამდე კუხიანიძე სლოვაკეთში, „მიხალოვცეში“ ვარჯიშობდა, მაგრამ სლოვაკეთში არ დარჩა.

24 წლის ცენტრფორვარდი ქუთაისის „ტორპედოს“ აღზრდილია. თამაშობდა მარტვილის „მერანში“, წყალტუბოს „სამგურალსა“ და გორის „დილაში“. 2021 წელს კუხიანიძე საქართველოს ნაკრებშიც გამოიძახეს, სადაც მისი დებიუტი 2021 წლის 6 ივნისს ნიდერლანდების წინააღმდეგ მატჩში შედგა. ახალგაზრდულ ნაკრებში კი ოთხი მატჩი აქვს ჩატარებული. მან ახალ კლუბში პირველივე საკონტროლო მატჩში ორი გოლი გაიტანა.

მარცხნიდან: შალვა ბურჯანაძე, ვაჟა ნემსაძე, სერგო კუხიანიძე, ზაქარია ბეგლარიშვილი

„ნარვა ტრანსთან“ კონტრაქტი საყრდენმა ნახევარმცველმა, ვაჟა ნემსაძემაც გააფორმა. მისი ხელშეკრულებაც ერთწლიანია. ნემსაძე ახალ გუნდში 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ცნობილი ქართველი ფეხბურთელის, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტნის, გიორგი ნემსაძის ვაჟი 33 წლისაა. კარიერის მანძილზე რამდენიმე ქართულ კლუბში თამაშობდა, ბოლოს დუშეთის „არაგვში“ გამოდიოდა, იყო საქართველოს 19 და 21-წლამდელთა ნაკრებების წევრი.

შეგახსენებთ, რომ იანვრის დასაწყისში ესტონურმა კლუბმა კიდევ ორი ქართველი ფეხბურთელი დაიმატა – ცენტრალური მცველი შალვა ბურჯანაძე და ნახევარმცველი ზაქარია ბეგლარიშვილი.