ზაქარია ბეგლარიშვილი - 26 მარტი საქართველოსთვის ისტორიული დღე გახდა #1TVSPORT
ზაქარია ბეგლარიშვილი - 26 მარტი საქართველოსთვის ისტორიული დღე გახდა #1TVSPORT

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლასთან დაკავშირებით კომენტარი ესტონური „ნარვას“ ქართველმა ლეგიონერმა, ზაქარია ბეგლარიშვილმა სააგენტო „დელფთან“ გააკეთა.

„გუნდის ყველა ქართველი ფეხბურთელი ჩემთან სახლში იყო და ჩვენს ნაკრებს ვგულშემატკივრობდით. როდესაც ქართველმა ფეხბურთელმა გადამწყვეტი პენალტი გაიტანა, არარეალური ემოციები იყო, რომლის სიტყვებით გადმოცემაც წარმოუდგენელია.

სამი წლის წინ ჩვენს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი ჰქონდა, მაგრამ ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიასთან დამარცხდა. ამის მიუხედავად, საქართველოში ყველას სჯეროდა, რომ ერთ დღეს გუნდი ევროპის ჩემპიონატზე მაინც მოხვდებოდა. ეს მოხდა 26 მარტის მატჩში და ეს დღე საქართველოსთვის ისტორიული გახდა.

ამ წარმატების მიზეზი ისაა, რომ საქართველოს ნაკრებში ახალგაზრდა ფეხბურთელები დააწინაურეს, რომლებმაც ბოლო ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კარგ შედეგს მიაღწიეს. ამასთან ერთად, ამჟამინდელ ნაკრებში ბევრი ფეხბურთელი თამაშობს ძლიერ ევროპულ ჩემპიონატში“, – ამბობს ზაქარია ბეგლარიშვილი.