ზაქარია ბეგლარიშვილი „ნარვა ტრანსში“ ითამაშებს - ალექსეი ერემენკოს ქართველი ნახევარმცველის იმედი აქვს #1TVSPORT
ზაქარია ბეგლარიშვილი „ნარვა ტრანსში“ ითამაშებს - ალექსეი ერემენკოს ქართველი ნახევარმცველის იმედი აქვს #1TVSPORT

ზაქარია ბეგლარიშვილი ესტონეთში დაბრუნდა და „ნარვა ტრანსში“ ითამაშებს – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„ესტონური ფეხბურთის ლეგენდა ჩვენს გუნდში, მინიმუმ, 2024 წლის სეზონის ბოლომდე ითამაშებს. მოხარული ვართ და მივესალმებით ესტონეთის ხუთგზის ჩემპიონს, ზაქარია ბეგლარიშვილს. „ნარვა ტრანსმა“ მასთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, ის 49-ნომრიანი მაისურით ითამაშებს“, – წერია კლუბის მიერ გავრცელებულ ცნობაში.

ტრანსფერზე კომენტარი „ნარვა ტრანსის“ მთავარმა მწვრთნელმა, ფინეთის ნაკრების ყოფილმა მოთამაშემ, ალექსეი ერემენკომ გააკეთა.

„ძალიან სასიამოვნოა, რომ ასეთი მაღალი დონის ფეხბურთელი დავიმატეთ. საქართველოში კონტრაქტის დასრულების შემდეგ ესტონეთში მის მიმართ დიდი ინტერესი იყო, მაგრამ მან ჩვენთან თამაში გადაწყვიტა. ასე რომ, ნახევარმცველის პოზიციაზე ძალიან კარგ ფეხბურთელს ვიმატებთ, რაც კიდევ უფრო გაგვაძლიერებს. ზაქარიას არაფრის დამტკიცება არ სჭირდება, ის ესტონეთში დიდი ხანი თამაშობდა და ახლაც შესანიშნავ ფორმაშია. იმედი ვიქონიოთ, რომ ამ თანამშრომლობით სარგებელს ყველა მიიღებს. ზაქარიას აქ თამაშის ძალიან დიდი მოტივაცია აქვს“, – ამბობს ალექსეი ერემენკო.

33 წლის შემტევი ნახევარმცველი თამაშობდა ამსტერდამის „აიაქსის“ ახალგაზრდულ გუნდში. თავისი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში ის ასევე გამოდიოდა უნგრულ „ჰონვედში“, ფინურ კლუბებში „სეინიაიოკსა“ და „კოტეპეში“. 2021 წლიდან 2023 წლამდე თამაშობდა „ლევადიაში“, საიდანაც უზბეკეთის „თურონში“ გადავიდა, გასული სეზონის მეორე ნახევარი კი ქართულ საფეხბურთო კლუბ „გაგრაში“ ითამაშა.

ბეგლარიშვილი პროფესიონალ ფეხბურთელად ტალინის „ფლორაში“ ჩამოყალიბდა. ამ კლუბთან ერთად ათი ტიტული მოიგო (ოთხჯერ – ჩემპიონატი, სამჯერ – თასი, სამჯერ – სუპერთასი).

ამას გარდა, „ლევადიასთან” ერთად გახდა ესტონეთის ჩემპიონი, თასისა და სუპერთასის მფლობელი. 2018 წლის სეზონში ზაქარია ესტონეთის პრემიუმლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, 2022 წლის სეზონში კი 21 გოლით ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.