„ევროპის უნივერსიტეტსა“ და სვანეთის მერიის მუნიციპალიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ბეჩოში ინგლისური ენის ინტენსიური კურსის მეორე ეტაპი აქტიურად მიმდინარეობს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ინოვაციური პროექტი „ენა ყველასთვის და ყველა ასაკისთვის“ ინგლისური ენის ცოდნის გაღრმავებას გულისხმობს და ხელმისაწვდომია ყველა ასაკისა და პროფესიის ადამიანისთვის, ვისაც ამის სურვილი აქვს.
„რეგიონში უცხო ენის კურსების ჩატარების ინიციატივა „ევროპის უნივერსიტეტის“ პრეზიდენტს, ლაშა კანდელაკიშვილს ეკუთვნის, რომელმაც მსგავსი ცენტრი თავდაპირველად ლაგოდეხში გახსნა. ანალოგიური ცენტრი მოქმედებს ყვარელშიც. შემდეგ კი, იმის გათვალისწინებით, რომ სვანეთი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ტურისტული მიმართულებაა, უნივერსიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, ხელი შეუწყოს ადგილობრივების ცოდნის ამაღლებას ამ მიმართულებით.
„ევროპის უნივერსიტეტი“ ადგილობრივებს ინტერესის მიხედვით შესაბამისი ლიტერატურითა და ინფრასტრუქტურით ამარაგებს, რაც ცენტრის კეთილმოწყობასა და საბიბლიოთეკო ბაზის შექმნას გულისხმობს“, – აღნიშნულია სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.