BBC-ის მიმოხილვა - ჩვენი საწოლი დღეს დიდად არ განსხვავდება იმ ლოგინისგან, რომელშიც ადამიანებს 77 ათასი წლის წინ ეძინათ
BBC-ის მიმოხილვა - ჩვენი საწოლი დღეს დიდად არ განსხვავდება იმ ლოგინისგან, რომელშიც ადამიანებს 77 ათასი წლის წინ ეძინათ

ჩვენი საწოლი დღეს დიდად არ განსხვავდება იმ ლოგინისგან, რომელშიც ადამიანებს 77 ათასი წლის წინ ეძინათ,- ასეთ დასკვნას BBC-ის მიმომხილველი აკეთებს, რომელმაც საძინებელი ოთახების ისტორია შეისწავლა.

უძველესი საწოლი 77 000 წლისაა. ის ექვსი წლის წინ არქეოლოგებმა სამხრეთ აფრიკაში აღმოაჩინეს. ამ საწოლის ფართობი 2 კვადრატული მეტრია, ხოლო მისი სიგანე 30 სმ-ს აღწევს. ის ლელქაშისგან არის დაწნული და ფოთლების საფარი აქვს, რომლიც მწერებს აფრთხობს. ეს საწოლი, სავარაუდოდ ერთი ოჯახისთვის იყო განკუთვნილი და საკმაოდ კომფორტულია.

საწოლის დიზაინი ძალიან ნელა იცვლებოდა. რევოლუციურად შეიძლება ჩაითვალოს XVII საუკუნეში მომხდარი ცვლილება, როდესაც გაჩნდა საძინებელი ოთახი.

თავდაპირველად ევროპული სახლები ისე იყო მოწყობილი, რომ განმარტოება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ამიტომ მონარქებიც კი საძინებელი ოთახის განსაცალკევებლად სხვადასხვა ნაჭრებს და ფარდებს იყენებდნენ.
ძველ რომშიც კი, სადაც მდიდარი და გავლენიანი რომაელები ფუფუნების საგნების ნაკლებობას არ განიცდიდნენ, საძინებელი ოთახი საკმაოდ პატარა ზომის იყო.

საუკუნეების განმავლობაში ადამიანების პირადი ცხოვრება არ იყო დაცული. ნუდისტი და ქრისტიანი ბერები საერთო საძინებლებში ათევდნენ ღამეს. ბავშვებს სკოლა-ინტერნატებში აგზავნიდნენ, სადაც პირად სივრცეზე საუბარიც კი შეუძლებელი იყო.

დიდი სახლების ეპოქას ევროპაში თან მოჰყვა უზარმაზარი საწოლიც, რომელშიც რამდენიმე ადამიანს ერთდროულად ეძინა. ასეთ საწოლს ულიამ შექსპირიც ახსენებს „მეთორმეტე ღამეში“. ერთ-ერთი ასეთი ექსპონატი ლონდონში, ვიქტორიასა და ალბერტას მუზეუმშია გამოფენილი. მასზე ძილი ერთდროულად რვა ადამიანს შეეძლო.
უერის ლოგნი“, როგორც მას ხშირად უწოდებენ, პირველად 1580 წელს ქალაქ უერში მდებარე ტრაქტირისთვის დაამზადეს.

სახლებში კანალიზაციის და წყლის გაყვანამდე, საძინებელი სააბაზანო ოთახის ფუნქციასაც ითავსებდა. იქ ბანაობდნენ და თავს იწესრიგებდნენ.
ტრადიციულ იაპონურ სახლებში საძინებლებში იყენებდნენ მოძრავ ტიხრებს და მატრასებს, რომელთა დაკეცვაც იოლი იყო. ამრიგად, ერთი ოთახის გამოყენება დღისით კაბინეტად, ხოლო ღამით საძინებლად იყო შესაძლებელი.

ფრანგმა არქიტექტორ, მოდერნიზმის პიონერ ლე კორბიუზიეს ყოველთვის მაღალ საწოლზე ეძინა. ეს ერთი შეხედვით ექსცენტრულობაზე მიუთითებს, მაგრამ მთავრი ამ შემთხვევაში ბულონის ტყის ულამაზესი ხედი იყო, რომლიც არქიტექტორის ლოგინის სიმაღლეზე მდებარე ფანჯრიდან იშლებოდა.

დღეს თანამედროვე საძინებლებში ისეთ არაორდინალურ ხელსაწყოებსაც კი შეხვდებით, როგორიცაა ყავის აპარატები და წყლის ლოგინები.
გასაბერი წყლის ლოგინი 1968 წელს სან ფრანცისკოში გამოიგონეს. 1970-იანი წლებიდან ასეთი საწოლმა ამერიკელების საძინებლებში მყარად დაიმკვიდრა ადგილი. 1987 წელს ასეთი ლოგინი აშშ-ის მოქალაქეების 22%-ს ჰქონდა.

ერთ-ერთ ბრიტანულ სერიალში მსგავსი საწოლი ყველაზე პიკანტურ მომენტში სკდება და თბილი წყლით სავსე აუზად იქცევა.
დასავლეთში საძინებელი ოჯახის ცხოვრებაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ბავშვებისთვის ის ხშირად სათამაშო მოედანს წარმოადგენს, მოზარდებისთვის ადგილს, სადაც მშობლებს დაემალები, ხოლო უფროსებისთვის სამუშაო კაბინეტის ფუნქციას ითავსებს.

რაც შეეხება მომავალის საძინებელს, ამ შემთხვევაში კონცეფცია აერთიანებს მატრასებს, რომლებიც თვითდასუფთავების ფუნქციებით, ბიომეტრიული სენსორებით და გასართობი ჰოლოგრამებით იქნება აღჭურვილი.

ერთის მხრივ ჩვენ ვცდილობთ საძინებელი ოთახი უფრო კომფორტული იყოს, თუმცა ამავე დროს ლოგინშიც კი ვერ ვივიწყებთ სმარტფონებს, რომელთა ნათებაც ადამიანის ბიოლოგიურ საათს საფრთხეს უქმნის.

პლანშეტების, სმარტფონებისა და სხვა ელექტრონული მოწყობილობების საძინებელ ოთახში შეღწევის გამო სულ უფრო მეტი ადამიანი ცდილობს დაიცვას ე.წ. ძილის ჰიგიენა და ეს ხელსაწყოები ლოგინიდან მოშორებით განათავსოს.

ადამიანების უმეტესობას დღესაც კი, ისევე როგორც საუკუნეების წინ მშვიდ გარემოში ან ვარსკვლავებით მოფენილი ცის ქვეშ ძილი, ყველაფერს ურჩევნიათ.