ბაყაყებში, თევზებსა და რეპტილიებში აღმოჩენილია ამ დრომდე უცნობი 214 ვირუსი
ბაყაყებში, თევზებსა და რეპტილიებში აღმოჩენილია ამ დრომდე უცნობი 214 ვირუსი

ბაყაყებში, თევზებსა და რეპტილიებში მკვლევრებმა აქამდე უცნობი რნმ-ის 214 ვირუსი აღმოაჩინეს, რომლებიც ვირუსული ინფექციებს იწვევენ.

აღმოჩენა უმნიშვნელოვანესია ადამიანთა ვირუსოლოგიის სამომავლო კვლევებისთვის. გარდა ამისა, ასევე აჩვენებს, რომ ვირუსებს მილიონობით წლის ევოლუციური ისტორია აქვთ და ისინი ხერხემლიანთა კონკურენტულად განვითარდნენ.

„როგორც ეს კვლევა გვიჩვენებს, ვირუსთა გარკვეული ჯგუფი არსებობდა ხერხემლიანთა მთელი ევოლუციური ისტორიის განმავლობაში — სრულიად იცვლება ვირუსების ევოლუციის ამჟამინდელი გაგება“, — ამბობს კვლევის თანაავტორი, სიდნეის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგი ედი ჰოლმსი.

მისი თქმით, პირველად ისტორიაში, გადაჭრით დაზუსტდა, რომ რმნ-ის ვირუსებს მილიონწლიანი ისტორია აქვთ და გაჩნდნენ პირველ ხერხემლიანებთან ერთად.

რნმ-ის ვირუსები გენეტიკურ მასალას უფრო რიბონუკლეინის მჟავისგან იღებენ, ვიდრე დნმ-ისგან. ამ ტიპის ვირუსები ადამიანებში მრავალ დაავადებას იწვევს, მაგალითად, გრიპს, ზოგად გაციებას და ებოლასაც კი.


მიუხედავად იმისა, რომ რნმ-ის ზოგიერთი ვირუსი წარსულშიც აღმოაჩინეს ტრიტონებსა და სალამანდრებში, ძალიან ცუდად იყო შესწავლილი სხვა ამფიბიების, თევზებისა და რეპტილიების ვირუსები.

ჰოლმსმა და მისმა ჯგუფმა შეისწავლა 186 სხვადასხვა სახეობის რნმ. მათ შორის იყო რეპტილიებიდან — გველები, კუები და ხვლიკები; ამფიბიებიდან — ბაყაყები, სალამანდრები და ჭიაყელები; თევზებიდან — უყბოები, ხრტილოვნები, სხივფარფლიანები, ლანცეტები და ორგვარადმსუნთქავნი.

„რნმ სრულად ავიღეთ ცხოველთა ნაწლავების, ღვიძლის, ფილტვისა თუ ლაყუჩების ქსოვილებიდან და შემდეგ, 126 წყებად დავალაგეთ რნმ-ის მასობრივი სეკვენსირებისთვის. საერთო ჯამში, გამოვიმუშავეთ 806 მილიარდი საფუძვლის თანმიმდევრობა, რომლებიც შემდეგ ავაწყეთ და გავფილტრეთ ვირუსების საძებნელად“, — წერენ მკვლევრები.

მათი მთავარი სამიზნე იყო ხერხემლიანთათვის სფეციფიკური ვირუსები. რნმ-ის ვირუსების ყოველ ოჯახში ან პირდაპირ მონათესავე ჯგუფებში აღმოაჩინეს ხერხემლიანთა ინფექციებთან დაკავშირებული 214 ვირუსი.

ამ ვირუსთა 24 პროცენტი ერთი და იმავე ინდივიდის სხვადასხვა ქსოვილებში აღმოაჩინეს.

„წარმოუდგენლად მრავალნაირი ვირუსების მატარებელნი განსაკუთრებით თევზები აღმოჩნდნენ. ძუძუმწოვრებში აღმოჩენილი ვირუსების ოჯახის ყოველი ტიპი ახლა უკვე თევზებშიც ვიპოვეთ. საოცარია, რომ თევზებში აღმოვაჩინეთ ებოლასა და გრიპის ვირუსების ნათესავებიც კი“, — ამბობს ჰოლმსი.


თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ პანიკაში ჩავვარდეთ და ვიფიქროთ, რომ თევზებისგან ებოლას მსგავსი რაღაც საშინელი საფრთხე გველოდება. ადამიანები და თევზები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან. ვირუსების დამატებითმა ანალიზებმა აჩვენა, რომ ისინი ჩამოყალიბდნენ მათ მიერ დაინფიცირებულ ცხოველთა კვალდაკვალ.

ჯგუფის დასკვნით, თანამედროვე ვირუსები დაიბადნენ ოკეანეში, თევზის მსგავს ჩვენს წინაპრებში და იმ დროიდან მოყოლებული, მუდამ ჩვენთან არიან.

თუმცა ამავე დროს, ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ მაგალითად, თევზის გრიპი წარმოიქმნა თევზის და არა ძუძუმწოვართა ორგანიზმში საბინადროდ. საბედნიეროდ, ჩვენ გენეტიკურად იმდენად განსხვავებულები ვართ, რომ შეუძლებელია ვირუსის სახეობათშორისი გადაცემა (თუმცა, ამის სრულიად გამორიცხვაც შეუძლებელია).

კვლევა აჩვენებს, რომ ბუნებაში იმაზე გაცილებით მეტი რნმ-ის ვირუსია, ვიდრე წარმოგვედგინა, რამაც შეიძლება, დიდი დახმარება გაგვიწიოს მრავალი ისეთი ვირუსის გამოვლენაში, რომლებმაც შესაძლოა, მომავალში დიდი პრობლემები შეუქმნან კაცობრიობას.

„ეს კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად დიდია ვირუსთა სამყარო. ვირუსები ყველგანაა. თვალნათელია, რომ ჯერ კიდევ აღმოუჩენელი რჩება მრავალი მილიონი ვირუსი“, — ამბობს კვლევის თანაავტორი, სიდნეის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგი ედი ჰოლმსი.

კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია scimex.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით