ადამიანებს საერთო გენი აქვთ თევზთან, რომელსაც შეუძლია აღიდგინოს დაზიანებული ზურგის ტვინი
ადამიანებს საერთო გენი აქვთ თევზთან, რომელსაც შეუძლია აღიდგინოს დაზიანებული ზურგის ტვინი

სალამურა იმდენად განსხვავდება ადამიანისგან, რამდენადაც შეგიძლიათ წარმოიდგინოთ. ამ თევზს აქვს გველთევზას მსგავსი, უფერფლო ტანი, ამოზნექილი თვალები, ყბის ადგილას კი ღია წრე საზარელი კბილებით, რომელსაც ზოგიერთი სახეობა სხვა ცხოველებისგან სისხლის გამოსაწოვად იყენებს.

თუმცა, ამ არაამქვეყნიურის მსგავს არსებას ადამიანებთან საერთო აქვს რაღაც გასაოცარი: ორივე ჩვენგანში არის გენები, რომლებსაც სალამურა დაზიანებული ზურგის ტვინის აღსადგენად იყენებს.

აღმოჩენა ძალიან იმედისმომცემი ჩანს მედიცინისთვის: თუკი ერთ მშვენიერ დღეს ამ გენს ადამიანშიც გავააქტიურებთ, შეგვეძლება აღვადგინოთ დაზიანებული ზურგის ტვინი, პარალიზების შემთხვევაშიც კი.

აღმოჩენა გააკეთა მეცნიერთა ჯგუფმა, რომელშიც შედიოდნენ მკვლევრები საზღვაო ბიოლოგიური ლაბორატორიიდან (MBL), ფაინშტაინის სამედიცინო კვლევების ინსტიტუტიდან, ჰოფსტრის უნივერსიტეტის საკერის სამედიცინო სკოლიოდან, კენტუკის უნივერსიტეტიდან და სინაის მთის იკაჰნის სამედიცინო სკოლიდან.

კვლევის ფარგლებში, დაჭრილი, სრულიად პარალიზებული სალამურა, 10-12 კვირაში ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდა და ცურვაც დაიწყო.

„უკვე მრავალი წელია, მეცნიერებმა იციან, რომ ზურგის ტვინის ტრავმას სალამურა თვითნებურად აღიდგენს, მაგრამ არ ვიცოდით მოლეკულური რეცეპტი, რომელიც თან ახლავს და ეხმარება ამ ჩინებულ უნარს“, — ამბობს პრესრელიზში ონა ბლუმი, ფაინშტაინის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

„ამ კვლევაში, ჩვენ განვსაზღვრეთ ყველა გენი, რომელიც ზურგის ტვინის აღდგენის პროცესში იცვლება და ახლა, როცა ეს ინფორმაცია უკვე ხელთ გვაქვს, შეგვიძლია იგი გამოვიყენოთ, იმის შესამოწმებლად, არის თუ არა ამ პროცესში გადამწყვეტი რაიმე კონკრეტული მეტაბოლური გზები“.

იმისათვის, რათა განესაზღვრათ ზუსტი გენეტიკური ცვლილებები, რომლებიც სალამურას ამ გასაოცარი აღდგენის საშუალებას აძლევს, მკვლევრებმა პირველ რიგში ამ ცხოველების პარალიზება დაიწყეს, ზურგის ტვინზე ჭრილობის მიყენების გზით.

ამის შემდეგ, რამდენიმე თვის განმავლობაში, მკვლევრები მათ თავისა და ზურგის ტვინს აკვირდებოდნენ.

შედეგად, გამოავლინეს თუ რომელი გენები და სასიგნალო მეტაბოლური გზები — ამ ფუნქციის საკონტროლებლად უჯრედთა მიერ წარმოქმნილი ცილები და სხვა ქიმიური ნივთიერებები — აქტიურდებოდნენ დაჭრილ ცხოველებში.

ჯგუფმა გამოავლინა ერთი მეტაბოლური გზა, რომელიც აღდგენისთვის განსაკუთრებით გადამწყვეტი იყო: Wnt სასიგნალო მეტაბოლური გზის დაბლოკვის შემთხვევაში, სალამურები აღდგენას ვერ ახერხებდნენ.

მკვლევრები ასევე გააკვირვა იმანაც, რომ როგორც აღმოჩნდა, ცვლილებები ხდებოდა დაჭრილ ცხოველთა არა მხოლოდ ზურგის ტვინში, არამედ თავის ტვინშიც.

„ეს კი აძლიერებს მოსაზრებას, რომ ზურგის ტვინის დაზიანების შემდეგ, თავის ტვინი ძალიან იცვლება“, — ამბობს ჯენიფერ მორგანი, საზღაო ბიოლოგიური ლაბორატორიის რეგენერაციული ბიოლოგიისა და ქსოვილთა ინჟინერიის იუჯინ ბელის ცენტრის დირექტორი.

„ბევრი ადამიანი ფიქრობს, თუ რა შეუძლია გააკეთონ ზურგის ტვინის სამკურნალოდ, მაგრამ ჩვენი მონაცემები ნამდვილად მხარს უჭერს მოსაზრებას, რომ ამ დროს თავის ტვინშიც ნამდვილად ძალიან ბევრი რამე ხდება“.

თუმცა, ამ აღმოჩენიდან შესაბამისი სამკურნალო მეთოდის დანერგვამდე, მართლაც ძალიან დიდი გზაა.

ახლა, როცა მკვლევრებმა უკვე იციან თუ რა გენეტიკური ცვლილებები ხდება აღდგენის პროცესში, მათ შესაძლებლობა მიეცემათ გატესტონ მასში ჩართული გენები და მეტაბოლური გზები, რათა საფუძველი ჩაუყარონ შესაბამისი სამკურნალო საშუალებების შექმნას. როდესაც მოხდება სეკვენსირების განსაზღვრა, შესაძლებელი იქნება მისი შემოწმება სხვა ცხოველებშიც.

ეს აღმოჩენა გაკეთდა უფრო ფართო კვლევის ფარგლებში, რომლის მიზანია დაზიანებული ზურგის ტვინის მკურნალობის ან სრული აღდგენის საშუალებების შექმნა.

მეცნიერებმა უკვე მიაღწიეს პროგრესს ვირთხებში ღეროვანი უჯრედების გამოყენებისას, მაიმუნებში ტვინის იმპლანტების გამოყენებისას და ადამიანებში ელექტრული სიმულაციების გამოყენებით სიდამბლის სრული ან ნაწილობრივი განკურნებისას.

მომზადებულია futurism.com-ის მიხედვით