ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, ვაკის პარკში მთელი დღე გასართობი ღონისძიებები ეწყობა
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის და ვაკის რაიონის გამგეობის ერთობლივი ორგანიზებით, თბილისში, ვაკის პარკში, სხვადასხვა ლოკაციებზე ბავშვთა გასართობი ღონისძიებები დილიდან მიმდინარეობს.
სცენაზე წარმოდგენილი იქნება მოსწავლე ახალგაზრდობის სახლების, სახელოვნებო სკოლების, საბავშვო სტუდიების და ბაგა-ბაღების აღსაზრდელების კონცერტი, აგრეთვე თოჯინების თეატრის წარმოდგენები ბავშვებისთვის და ზღაპრის გმირების მიერ წარმოდგენილი სხვადასხვა გასართობი აქტივობები.
დღის განმავლობაში ღონისძიებები განხორციელდება ღია სივრცეშიც.
ვაკის პარკის ტერიტორიაზე, ღია სივრცეში განხორციელდება შემდეგი ღონისძიებები: კონტაქტური ზოოპარკი, მოძრაობის თეატრი, თოჯინების თეატრის წარმოდგენა, მხიარული სტარტები, ბავშვთა გასართობი აქტივობები 20 ლოკაციაზე, საპნის ბუშტების შოუ, სმარტფოტოს და გიფერის აპარატები, მე-19 სახელოვნებო სკოლის ბიგ-ბენდის კოსტუმირებული შოუ.
პირველი ივნისის ღონისძიების ფარგლებში გაიმართება შშმ პირთა და სოციალური საწარმოების ნამუშევრების გამოფენა.
მთელი დღის განმავლობაში ბავშვების განწყობაზე იზრუნებენ ზღაპრის გმირები და უფასოდ იფუნქციონირებს ნაყინის აპარატი.
დასწრება თავისუფალია. ღონისძიება 11:30-დან 20:30 საათამდე გაგრძელდება.