ბატუტზე ხტომა – სპორტის ოლიმპიური სახეობაა. მისი არსი მდგომარეობს, სიმაღლეზე, უწყვეტი, რიტმული ხტომის დროს აკრობატული ილეთების შესრულებაში, ახტომის დროს ბრუნის გაკეთებაში, როგორც წაღმა, ისე უკუღმა. ასპარეზობის დროს მრავალფეროვანი ელემენტების დემონსტრირება უნდა მოხდეს. ილეთების შესრულებისას ყურადღება ექცევა კოორდინაციას, სხეულის მდგომარეობას, ტექნიკასა და ნახტომის სიმაღლეს.
ბატუტზე ხტომას აქვს 4 დისციპლინა: ინდივიდუალური და სინქრონული ხტომა, აკრობატული ბილიკი და ორმაგი მინი-ბატუტი.
ბატუტზე ხტომა ოლიმპიური თამაშების პროგრამაში 2000 წლიდან შეიტანეს.
მინსკის ევროპულ თამაშებზე შეჯიბრი ბატუტზე ხტომაში, „მინსკ-არენაზე“ 24-სა და 25 ივნისს გაიმართება. მედლების ოთხი კომპლექტისთვის 48 სპორტსმენი იბრძოლებს.
საქართველოს ნაკრები სპორტის ამ სახეობაში სამი სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი. ლუბა გოლოვინა და თეონა ჯანჯღავა როგორც ინდივიდუალურ, ასევე სინქრონულ შეჯიბრებში მიიღებენ მონაწილეობას. ვაჟთა შორის საპრიზო ადგილისთვის თენგიზ კოშკაძე იბრძოლებს.