ბათუმში, ევროპის მოედანზე მესამე დღეა, უკრაინის მხარდამჭერი აქციები მიმდინარეობს.
უამინდობის მიუხედავად, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ აქციაზე ასობით მოქალაქე აჭარაში მცხოვრებ უკრაინის, ბელარუსისა და რუსეთის მოქალაქეებთან ერთად გამოვიდა. აქციაზე იმყოფებიან პოლიტიკოსებიც.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბევრი ადამიანი გამოვიდეს, რათა გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა და მხარდაჭერა უკრაინელი ხალხისადმი. ვაჩვენოთ რუსეთს და პუტინს, რომ საქართველო და ქართველი ხალხი უკრაინის გვერდით დგას“, – განაცხადა ბათუმის უნივერსიტეტის ლექტორმა გიგა ფარტენაძემ.
ამასთან, უკრაინელ ხალხს სოლიდარობას უცხადებენ რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეები.
„მე ბელარუსელი ვარ, ჩემი მეუღლე უკრაინელი. ის ახლა სადღაც თავშესაფარშია, არ ვიცი, რა ელოდება. ხალხნო, დაწერეთ სოციალურ ქსელებში, რომ რუსეთის რაც შეიძლება მეტმა მოქალაქემ გაიგოს, რა ხდება უკრაინაში. მათ ინფორმაციაც არ აქვთ, რომ უკრაინაში ამდენი ადამიანი იღუპება“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
აქციის მონაწილეებმა უკრაინისა და საქართველის ჰიმნები ჩართეს და ევროპის მოედანზე უკრაინის დროშა გაშალეს.