ბათუმში სოფლის ტურიზმის ფესტივალი გაიხსნა. „განდაგანა-2018“-ს წელსაც ტრადიციულად ევროპის მოედანი მასპინძლობს.
მოედანზე აჭარის ზღვისპირა და მთიანი სოფლების საშემოდგომო მოსავალი გამოიფინა. წარმოდგენილია ეთნოგრაფიული ნიმუშები, ხელნაკეთი ნივთები.
ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ, არა მარტო დააგემოვნონ აჭარული კერძები, არამედ მონაწილეობაც მიიღონ მათ დამზადებაში.
ტურისტებს ფესტივალის მონაწილეები ასწავლიან ჩურჩხელის მომზადებას, ჭაჭის გამოხდის ტექნოლოგიას. ქორეოგრაფები ჩაუტარებენ ქართული ცეკვების მასტერკლასებს.
ფესტივალი ორდღიანია და ხვალ ყურძნის საყოველთაო დაწურვის ცერემონიალიც მოეწყობა. ფესტივალ “განდაგანას” მიზანი სოფლის ტურიზმის პოპულარიზაციაა.