ბათუმში სკოლის მოსწავლეების მიერ მოზარდის მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო
ბათუმში სკოლის მოსწავლეების მიერ მოზარდის მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო

ბათუმში სკოლის მოსწავლეების მიერ მოზარდის მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე ჩატარდა საგამოძიებო ღონისძიებები, გამოიკითხნენ არასრულწლოვნები.

საუბარია გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, ბათუმის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლე თანატოლებმა სცემეს. როგორც ცნობილია, არასრულწლოვნებმა ფიზიკური დაპირისპირებისას ვიდეო გადაიღეს, შემდეგ კი ვიდეო სოციალურ ქსელში ატვირთეს.

„როგორც კი შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ცნობილი გახდა ფაქტის შესახებ, დაუყოვნებლივ დაიწყო საგამოძიებო ღონისძიებები. ჩატარდა გამოკითხვები, მათ შორის – არასრულწლოვნების. საგამოძიებო მოქმედებები კანონის სრული დაცვით – მშობლებთან და სოცმუშაკთან ერთად ჩატარდა. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით“, – აცხადებენ უწყებაში.