ბათუმში შავი და კასპიის ზღვების მე-7 საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმი მიმდინარეობს
ბათუმში შავი და კასპიის ზღვების მე-7 საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმი მიმდინარეობს

ბათუმში შავი და კასპიის ზღვების მე-7 საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმი მიმდინარეობს.

ღონისძიებას ესწრება 20 ქვეყნის 100-მდე კომპანიის წარმომადგენელი, მათ შორის პორტების, ტერმინალებისა და რეგიონის რკინიგზების წარმომადგენლები, ექსპედიტორები, ლოგისტიკური კომპანიები, ტვირთმფლობელები, გემთმფლობელები და საინვესტიციო კომპანიები.

კონფერენციას, რომელიც რეგიონში სატრანსპორტო ლოგისტიკურ საკითხებს ეძღვნება, საქართველოს მხრიდან არ ესწრებიან სახელმწიფო სატრანსპორტო ორგანიზაციები და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები.

„ჩვენთვის გასაკვირია, რატომ არ ესწრებიან საკმაოდ მნიშვნელოვან ფორუმს სახელმწიფო სატრანსპორტო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ყველა მათგანი მოწვეული იყო, თითქმის ყველა სტუმარი ქვეყნის დელეგაციაში არიან ამ მიმართულებით ოფიციალური პირები და მათ აქვთ სურვილი ქართულ მხარესთან საუბრის, თუმცა რამ გამოიწვია მათი უყურადღებობა, ჩემთვის გაურკვეველია“, – აცხადებს ორგანიზაცია HUB Georgia-ს ხელმძღვანელი ვასო ურუშაძე. სწორედ ეს ორგანიზაცია კომპანია Viva consult -თან ერთად მართავს ყოველწლიურ ფორუმს.

ღონისძიების ფარგლებში განიხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა:

შავი, აზოვისა და კასპიის ზღვების პორტებისა და ტერმინალების განვითარება.
პორტების გამტარუნარიანობის ამაღლება.
შავი ზღვის რეგიონის საკონტეინერო პორტებისა და ტერმინალების მიმოხილვა, მათი მომსახურების ხარისხის ამაღლება.
სარკინიგზო-საკონტეინერო გადაზიდვები ევროპას, ჩინეთსა და დსთ-ს ქვეყნებს შორის.
ლოკჩეინ ტექნოლოგიები ლოგისტიკაში. სატრანსპორტო ოპერაციების კიბერუსაფრთხოება.