ბათუმში, საპროტესტო აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს დაუპირისპირდნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს [ვიდეო]
ბათუმის მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, სადაც ბულვარში მრავალსართულიანი შენობის მშენებლობას აპროტესტებენ, ხმაური იყო.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს დაუპირისპირდნენ, რომელიც უმაღლეს საბჭოში „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის“ საარჩევნო სიით შევიდა.
„მონა, მოღალატე, არ გაქვთ აქ გამოჩენის უფლება“, – ამ სიტყვებით მიმართეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ჩავლეიშვილს.
აქციის მონაწილეებმა, ირაკლი ჩავლეიშვილს ნაგვის ურნიდან ნარჩენები დააყარეს.
სიტუაცია პოლიციამ განმუხტა.
„ის არის მოღალატე, რომელიც შეძვრა უმაღლეს საბჭოში ოპოზიციის ხმებით, მას არ აქვს უფლება, აქ მოვიდეს და რამე გააპროტესტოს“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბონდო თედორაძემ.
ირაკლი ჩავლეიშვილის განცხადებით კი მისთვის მიუღებელია იმ პარტიის პროტესტი, რომლის მმართველობის დროსაც „ბულვარის ოკუპაცია“ განხორციელდა.
„მე ბულვარში უკანონო მშენებლობებს ვაპროტესტებდი ყოველთვის, როცა წინა ხელისუფლების დროს, ფაქტობრივად ბულვარის ოკუპაცია მოხდა. ეს ხალხი მე მაშინ არ დამინახავს და არც გაუპროტესტებიათ ის უკანონო მშენებლობები, რომელსაც საზოგადოება ვეწინააღმდეგებოდით. ჩემი უფლებაა, მივიდე იქ, სადაც ჩავთვლი საჭიროდ“, – განაცხადა ირაკლი ჩავლეიშვილმა.
შეგახსენებთ, ბათუმში 16-სართულიანი შენობის ნებართვის გაცემას აპროტესტებენ, რომლის აშენებაც ბულვარში იგეგმება.