ბათუმის მოსახლეობა ბულვარში 16-სართულიანი შენობის აშენებისთვის ნებართვის გაცემას აპროტესტებს
ბათუმის მოსახლეობა ბულვარში 16-სართულიანი შენობის აშენებისთვის ნებართვის გაცემას აპროტესტებს

საზოგადოება „ბათუმი“ და „დაიცავი ძველი ბათუმი“ ბულვარში 16-სართულიანი შენობის აშენებისთვის ნებართვის გაცემას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ბულვარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და იქ მრავალსართულიანი შენობის აშენება კანონს ეწინააღმდეგება. ამასთან, მათივე განცხადებით, შენობა ანგრევს ბულვარის ავთენტურობას.

სადაო შენობა შპს „ამბასადორ ბათუმს“ ეკუთვნის. მასში სასტუმროსა და ბალნეოლოგიური ცენტრის გახსნა იგეგმება. თავდაპირველად კომპანიამ ტერიტორიაზე ოთხსართულიანი შენობის ნებართვა მოპოვა, სამი დღის წინ კი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ძეგლთა საბჭომ შენობის 16 სართულამდე გაზრდის ნებართვა გასცა, რომელსაც საბჭოს რვა წევრიდან ხუთმა დაუჭირა მხარი.

აქციის მონაწილეები სამართლებრივი დავის დაწყებასაც აპირებენ.

დღეს გამართულ საპროტესტო აქციაზე ოპოზიციის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

„ხუთი წლის წინ გადავარჩინეთ ბულვარი. დღეს ისევ დასაცავია. არ დავუშვებთ მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას და ამისთვის გავაკეთებთ ყველაფერს“, – აცხადებს „დაიცავი ძველი ბათუმის“ წარმომადგენელი ზეინაბ დიასამიძე.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელი ზაურ ახვლედიანი კი ამბობს, რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილი ახალი პროექტი ბულვართან შესაბამისობაშია.