ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის სახურავის დაზიანების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა [ვიდეო]
ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ძლიერი ქარის შედეგად, მრავალსართულიანი სახლის სახურავის ნაწილის გადმოვარდნისას ორი ადამიანი დაშავდა, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.
მისი ინფორმაციით, დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ბათუმიდან იუწყება, ასევე დაზიანებულია ორი ავტომობილი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ძლიერი ქარის გამო, ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ცხრასართულიანი საცხოვრებელი სახლის სახურავიდან თუნუქის ფურცლების ჩამოვარდნის შედეგად დაშავდა ორი მოქალაქე და დაზიანდა ორი ავტომანქანა.
ადგილზე მობილიზებული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
„დაშავებული მოქალაქეები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. ძლიერი ქარის გამო, ბათუმიდან სულ შემოსულია 11 შეტყობინება. ძირითადად დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების სახურავები და ხეები“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.