ბათუმში „რვაფეხას“ ახალი მფლობელი გამოუჩნდა
ბათუმში „რვაფეხას“ ახალი მფლობელი გამოუჩნდა

ბათუმში „რვაფეხას“ ახალი მფლობელი გამოუჩნდა. იგი იჯარით სასტუმრო „ჰილტონის“ მფლობელ კომპანიას გადაეცა. სულ მალე შენობაში ფუნქციონირებას კაფე დაიწყებს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სსიპ ბათუმის ბულვარმა, ზღვისპირა პარკში მდებარე 2053 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 202 კვ.მ შენობა-ნაგებობა (კაფე-ბარი N7, რვაფეხა) იჯარის წესით გასცა და ის კომპანია „ტურ ინვესტის“ დროებით მფლობელობაში გადავა, რომელიც თავის მხრივ „რვაფეხას“ მომიჯნავედ სასტუმროს ფლობს და  ბრენდი „ჰილტონი“ მართავს.

აუქციონზე იჯარის წლიური საწყისი თანხა 150 000 ლარს შეადგენდა, ხოლო აუქციონის დასრულების შემდეგ წლიური საიჯარო თანხა 154 500 ლარით განისაზღვრა.

აუქციონის პირობების მიხედვით, „ტურ ინვესტი“ ვალდებული იქნება, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში მეიჯარესთან (აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო) ობიექტზე განსათავსებელი სკამებისა და მაგიდების ვიზუალური ესკიზი, ასევე ობიექტზე ავეჯის (სკამი, მაგიდა, ქოლგა, გამწვანება) განთავსების გეგმა შეათანხმოს.

მეიჯარეს უფლება არ აქვს, მოიჯარის თანხმობის გარეშე შეცვალოს ვიზუალი ან/და ავეჯის განთავსების შეთანხმებული გეგმა.

აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის ვადაში აამოქმედოს საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი (კაფე), რომელშიც უფლებამოსილია, განახორციელოს კლიენტთა მომსახურება მხოლოდ შემდეგი სახეობის პროდუქციით: საკონდიტრო ნაწარმი, ნაყინი, ყავა, გამაგრილებელი სასმელები, მინერალური წყლები, ალკოჰოლური სასმელები, პურ-ფუნთუშეული, ხილის წვენები, შოკოლადი, ხილი.

ნებისმიერი სხვა პროდუქციით კლიენტთა მომსახურება ითვლება იჯარის ხელშეკრულების არსებით დარღვევად და გამოვლენისთანავე წარმოადგენს იჯარის ხელშეკრულების დაუყონებლივ ცალმხრივად შეწყვეტის საფუძველს.

მოიჯარე ვალდებულია, იჯარის გასვლის ვადის შემდგომ გადაცემული უძრავი ქონება დააბრუნოს პირვანდელ მდგომარეობაში.

მეიჯარე იტოვებს უფლებას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს (მესაკუთრე) მოთხოვნის შემთხვევაში, მოსთხოვოს მოიჯარეს იჯარით გადაცემული ქონების გამოთავისუფლება სამი თვის განმავლობაში და მიმართოს მოიჯარეს ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.

ინფორმაცია ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

დატოვე კომენტარი