ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა.
აეროპორტის გზატკეცილზე მსუბუქი ავტომობილი ცოლ-ქმარს დაეჯახა. ორივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
„გამოძახება 9:30 საათზე დაფიქსირდა. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟს დაშავებული ცოლ-ქმარი დახვდა. ერთს დაზიანება თავის არეში აქვს, მეორეს კიდური აქვს მოტეხილი. დაშავებულები ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში და საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. პირველადი დათვალიერებით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა პირველ არხთან ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურის უფროსის მოადგილე ბადრი პაქსაძემ.
ავარიის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.