ბათუმში სტადიონის სამშენებლო სამუშაოების დროს მუშა დაშავდა. 40 წლამდე ასაკის მამაკაცი სამშენებლო ობიექტიდან გადმოვარდა.
დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა.
„პაციენტი კონტაქტური იყო, თუმცა სხვადასხვა დაზიანებები, ძირითადად მოტეხილობები და დაჟეჟილობა აღენიშნებოდა. პირველადი დათვალიერებით, მისი დაზიანებები სიცოცხლესთან შეუთავსებელი არ იყო“, – განუცხადეს პირველ არხს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურში.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში, რომლის დაკვეთითაც მშენებლობა მიმდინარეობს, აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე, უსაფრთხოების წესების დარღვევა არ იკვეთება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო-სამშენებლო ან სხვა სამუშაოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.