ბათუმში მომხდარ ფაქტზე სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები და საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იკითხებიან
ბათუმში მომხდარ ფაქტზე სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები და საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იკითხებიან

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე მშენებარე კორპუსთან მომხდარ ინციდენტზე სამშენებლო კომპანიის, „გრანდ სიტის“ წარმომადგენლები და საქართველოს პირველი არხის ოპერატორი ედნარ კოჩალიძე ბათუმის პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში იკითხებიან.

შემთხვევის ადგილზე, სადაც დღეს საცხოვრებელი კორპუსის ლიფტი ჩაწყდა და კაბინაში მყოფი ოთხივე ადამიანი დაშავდა, ადგილზე მისულ ოპერატორებს სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ქვები დაუშინეს. შედეგად, პირველი არხის ოპერატორი ედნარ კოჩალიძე დაშავდა.

რამდენიმე წუთის წინ, საქართველოს პირველ არხს „გრანდ სიტის“ იურისტმა, მერაბ დიმიტრაძემ განუცხადა, რომ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე ინფორმაცია არ აქვს, ხოლო რაც შეეხება შრომის უსაფრთხოების ნორმების დაუცველობას, მისი თქმით, გამოძიება მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ ყველაფერს გაეცემა პასუხი.

ამასთან, იურისტის განცხადებით, ლიფტი სატვირთო არ ყოფილა და იყო დროებითი ამწე საშუალება. მისივე თქმით, ყველა გაფრთხილებული იყო, რომ ამწით არავის უნდა ესარგებლა.

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე მომხდარ ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორ საქმეზე დაიწყო. კერძოდ, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 240-ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს და სსკ-ის 154-ე მუხლით, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს.