საქართველო, სხვა საზღვაო ქვეყნებთან ერთად, 2011 წლიდან სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავს მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს, რომლის ძირითადი ორგანიზატორი ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოა.
მეზღვაურებს პროფესიული დღე მიულოცეს და საზღვაო დარგის წარმომადგენლები დააჯილდოვეს ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა, თამარ იოსელიანმა და ქალაქ ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა.
ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გაზრდილია დიდი სახელმწიფოების დაინტერესება ჩვენი მეზღვაურებით, რაც საქართველოში პასუხისმგებლიანი და მაღალი რეპუტაციის მქონე გემთმფლობელების შემოსვლას უწყობს ხელს. მისივე განცხადებით, ქართული საზღვაო ისტორიის მანძილზე ქართველი მეზღვაური ასოცირდება მაღალ კვალიფიკაციასთან, გამძლეობასთან და სიმამაცესთან.
„თქვენი პროფესიონალიზმისა და თავდადების, საქართველოში არსებული საზღვაო საგანმანათლებლო სისტემისა და თქვენი მომზადების შედეგია ის, რომ თქვენ წარმოადგენთ ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მეზღვაურებს მსოფლიოში. ზუსტად თქვენი დიდი დამსახურებაა ის, რომ დღეს საქართველოს მიერ გაცემული მეზღვაურის სერტიფიკატები აღიარებულია ევროკავშირის მიერ და 62-მდე, მათ შორის 19 ევროპული, ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავ გემების გაქვთ სამსახურის უფლება. სწორედ ამ მიზეზებიდან გამომდინარე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საზღვაო განათლებას, თქვენი პირობების და თქვენთვის განკუთვნილი სახელმწიფო სერვისების გაუმჯობესებას პრიორიტეტად ისახავს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქართველი მეზღვაურის დასაქმება საერთაშორისო დონეზე იყოს მოთხოვნადი, პრესტიჟული და დაფასებული“ – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
მინისტრმა თავის გამოსვლაში ასევე ხაზი გაუსვა შავი ზღვის რეგიონში დღეს არსებულ გამოწვევებს, როცა ერთ-ერთი დიდი ქვეყანა – უკრაინა საომარ მოქმედებებშია, შესაბამისად, ყველა მეზღვაური თავისი ქვეყნის სადარაჯოზეა და ისინი ვერ ახერხებენ თავიანთი პროფესიული მოვალეობის შესრულებას. ლევან დავითაშვილმა უკრაინელ ხალხს, უკრაინელ მეზღვაურებს სოლიდარობა გამოუცხადა და ძალიან მოკლე დროში თავიანთ პროფესიულ საქმიანობასთან – გემზე დაბრუნება უსურვა.
მისასალმებელ სიტყვაში ეკონომიკის მინისტრმა საზღვაო სექტორის განვითარების პრიორიტეტებზეც ისაუბრა. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, სახელმწიფო 2012 წლიდან მიზანმიმართული, თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად ახორციელებს ინვესტირებას საზღვაო განათლებასა და საზღვაო ინფრასტრუქტურაში – მხოლოდ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში, ინფრასტრუქტურულ და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განსაახლებლად 30 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, მათ შორისაა უახლესი სტანდარტების მქონე საწვრთნელი აუზი ბათუმში, ხოლო ფოთში სრულად რეაბილიტირებული ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალი, რომელშიც სახელმწიფომ 6 მილიონ ლარამდე დახარჯა.
„მსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ამ სისტემას ემსახურება და უზრუნველყოფს საქართველოში საზღვაო ტრანსპორტის დარგის გამართულ ფუნქციონირებას“ – განაცხადა მინისტრმა.
საზღვაო ტრანსპორტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ეკონომიკის მინისტრმა დააჯილდოვა შორეული ნაოსნობის კაპიტნები: ზურაბ ჩხაიძე, ნუგზარ დოლიძე და ვაჟა გოგუაძე; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარემ ჯილდო გადასცა შორეული ნაოსნობის კაპიტანს აკაკი ესანჯიას და უფროს მექანიკოსებს: დავით თეთრაშვილს და ნიკოლოზ ცირეკიძეს; ქალაქ ბათუმის მერმა უფროსი მექანიკოსები – ომარ ლომიძე და ალი სარიშვილი, ხოლო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა უფროსი მექანიკოსები – ლაშა თავაძე და სტეფანე ვართანიანი დააჯილდოვეს.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ, საქართველოს ბანკმა და „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ 2022-2023 სასწავლო წლის ღირებულება დაუფინანსეს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ცხრა სტუდენტს, საკრუინგო კომპანიამ Queensway Navigation Co. „უფროსი მექნიკოსი ჯიმშერ დევაძის სახელობის სტიპენდია“ დაუწესა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის გემის მექანიკის ფაკულტეტის სტუდენტს პაატა გორგილაძეს.
ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის კანცლერის ლალი ხვედელიძის ინიციატივით, სტიპენდიები დაენიშნა ამავე უნივერსიტეტის ხუთ წარჩინებულ სტუდენტს.
ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასასრულს, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილ მეზღვაურებს და ტრადიციისამებრ, გემების საყვირების ფონზე შესრულდა გვირგვინის ზღვაში ჩაშვების ცერემონია.
ტრადიციულად, მეზღვაურთა დღისადმი მიძღვნილი პირველი აქტივობა – საზეიმო მსვლელობა მოეწყო სასულე ორკესტრის თანხლებით ბათუმის ცენტრალური პარკიდან ბათუმის საზღვაო ნავსადგურისკენ, რომელშიც მონაწილეობდნენ საზღვაო სასწავლებლების კურსანტები, სანაპირო დაცვის პირადი შემადგენლობა, მეზღვაურები და საზღვაო სფეროს სხვა წარმომადგენლები.
ღონისძიება გაგრძელდა ბათუმის ბულვარში, კოლონადებთან, სადაც სადაც მოეწყო საზღვაო ინდუსტრიის წარმომადგენელთა სივრცე, საბავშვო გასართობი კუთხეები, ანიმატორებით და მიმებით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით – ქართველი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა და „ტექნოპარკი ბათუმის“ შემეცნებით-ტექნოლოგიური პავილიონი. მუსიკალურ გაფორმებაზე იზრუნა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ბენდმა, საღამოს კი ახალი პროგრამით დაასრულებს ქართული ნაციონალური ბალეტი – სუხიშვილები.