ბათუმში, კინოთეატრ „აპოლოსთან“ სამართალდამცველები არიან მობილიზებული
ბათუმში, კინოთეატრ „აპოლოსთან“, სადაც ფილმის – „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა უნდა გაიმართოს, სამართალდამცველები არიან მობილიზებული. ჩვენებაზე ყველა ბილეთი გაყიდულია.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ბათუმიდან იუწყება, კინოთეატრთან იკრიბებიან მოქალაქეები, რომლებიც ფილმის ჩვენებას ეწინააღმდეგებიან.
„ფილმი რომ იყოს სხვა პროფესიის ჰომოსექსუალ ადამიანზე, არ იქნება წინააღმდეგობა, შებღალულია ქართული ცეკვა, არაფერი წმინდა აღარ დარჩა. ჩვენი მიზანია, დავინახოთ რომელი ბათუმელი მოვა ჩვენებაზე, შიგნით შეჭრას არ ვაპირებთ. ეს არის პროტესტი საერთო-სახალხო ორგანიზებით, არანაირი „მარში“ და ორგანიზაცია აქ არ არის ჩართული“, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ვატო მებუნიშვილი.
„აპოლოსთნ“ შეკრებილი მოქალაქეები ამბობენ, რომ კინოთეატრის პიკეტირებას მოახდენენ.
კინოთეატრთან ასევე მივიდა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი კოტე ანანიაშვილი.
მისი განცხადებით, პოლიცია წესრიგის დაცვას უზრუნველყოფს და სამართალდარღვევის შემთხვევაში, ყველა ფაქტზე გატარდება კანონით გათვალისწინებული ზომები.
„პოლიცია დაიცავს ყველა მოქალაქის უფლებას. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, დაიცვან მართლწესრიგი, დაემორჩილონ სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას. რაც შეეხება სამართალდარღვევის ფაქტებს, ნებისმიერ ფაქტებზე კანონის ფარგლებში იქნება რეაგირება“, – განაცხადა კოტე ანანიაშვილმა.
ამასთან, პოლიცია მობილიზებულია თბილისის კინოთეატრებთანაც.
ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) პრემიერა საქართველოში დღეს გაიმართება.
„ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილმა განაცხადა, რომ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერაზე მაყურებლებს თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში არ შეუშვებენ. ფალავანდიშვილის განცხადებით, 8, 9 და 10 ნოემბერს კინოთეატრების პიკეტირებას მოახდენენ.
ამასთან, ვიდეომიმართვა გაავრცელა ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ და აღნიშნა, რომ ამ ფილმის გადაღებით მთელ მსოფლიოში შეარცხვინეს ქართული კულტურა.
ფილმ „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას გამოეხმაურა საქართველოს საპატრიარქოც. საპატრიარქო ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას მიუღებლად მიიჩნევს, თუმცა აცხადებს, რომ ძალადობას ემიჯნება.
შინაგან საქმეთა სამინისტოში აცხადებენ, რომ ფილმის ჩვენებისას შსს უზრუნველყოფს, როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც კანონით დასაშვებ ფარგლებს არ სცდება.