ბათუმში ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული ორი პირის მხარდამჭერები აქციას მართავენ
ბათუმში ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული ორი პირის მხარდამჭერები აქციას მართავენ

ბათუმში ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა საპროტესტო აქციები განაახლეს. ისინი აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობიდან მთავრობის სახლამდე მსვლელობით მივიდნენ.

აქციის მონაწილეები დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ და ამტკიცებენ, რომ მსჯავრდებულები უდანაშაულოები არიან.

„ხელისუფლებას საარჩევნოდ ჩვენი გადაბირება სურდა, მოლაპარაკებებში ჩართული იყვნენ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი კონსტანტინე ანანიაშვილი და თორნიკე რიჟვაძის მამა დავით რიჟვაძე. თანხაც შემოგვთავაზეს, ჩვენგან უარის მიღების შემდეგ მოხდა ანგარიშსწორება და დაკავება“, – განაცხადა დაკავებული რეზო წულუკიძის ძმამ, ფირუზ წულუკიძემ.

აქციები დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით პერმანენტულად იმართება. ერთ-ერთი აქციის დროს ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას, რა დროსაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით ადმინისტრაციული წესით 30 პირი დააკავეს.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. აქციაზე ექსცესებს ადგილი არ ჰქონია.