ბათუმში გარემოვაჭრეები წერეთლის ქუჩაზე დაბრუნებას ითხოვენ. ისინი ავტოსადგურის ტერიტორიაზე გამოყოფილი ალტერნატიული ფართით უკმაყოფილო არიან და ამბობენ, რომ ფაქტობრივად, ვაჭრობა შეწყვიტეს, რადგან ტერიტორიაზე მომხმარებელი საერთოდ არ შედის.
„ორი თვეა, იმ ადგილზე ვართ. 50 ლარიც არ მივაჭრია. 20 მაისს არის გადასახადი. რით გადავიხადო. ცალკე ბანკის ვალები გვაქვს. მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის, ტერიტორია რომ გამოგვიყეს, მაგრამ რაში გამოვიყენო, თუ იქ ვერ ვიმუშავე. არ გვინდა კანონის დარღვევა, მაგრამ სახელმწიფოც ხო უნდა დაგვეხმაროს, რაღაც ერთობლივი გამოსავალი უნდა ვნახოთ“, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
ადგილზე ბათუმის მერიის წარმომადგენლები მივიდნენ, ისინი ამბობენ, რომ გარემოვაჭრეების დაბრუნებას არ დაუშვებენ.
„ყოველდღიურად ვამოწმებთ, რა მდგომარეობაში არიან ახალ ტერიტორიაზე. შეძლებისდაგვარად ვცდილობთ, გავუწიოთ პოპულარიზაცია, მალე დავდგამთ ნიშნულებსა და ბანერებს ბაზრობის მიმართულებით“, – აცხადებს მერიის სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი ნოშრევან საგინაძე.
მერია გარემოვაჭრეებს ბაზრობაზე დაბრუნებისკენ მოუწოდებს.
ბათუმის მერიამ წერეთლის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია გარევაჭრობისგან ორი თვის წინ გაათავისუფლა.