ბათუმში, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები უმაღლესი საბჭოს სხდომას ბოიკოტს უცხადებენ
ბათუმში, უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები, რომლებიც ბათუმის მერიასთან არიან შეკრებილები, უმაღლესი საბჭოს სხდომას ბოიკოტს უცხადებენ.
პარტიის წევრები ბათუმის მერიის შენობის წინ „გაბედესა“ და „ალტერნატივის“ აქციის მონაწილეებთან ერთად იმყოფებიან.
„ეს პროტესტი გაგრძელდება, იქნება პიკეტირება ყველა ადმინისტრაციულ შენობასთან, იქნება აქციები კონსტიტუციის ფარგლებში და ვაიძულებთ ხელისუფლებას, შეასრულოს დანაპირები, რაც პროპორციულ არჩევნებს უკავშირდება. მათ ეს მოუწევთ“, – განაცხადა უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ელგუჯა ბაგრატიონმა.
ბათუმის მერიასთან დღეს დილიდან ხმაურია. მოძრაობა „გაბედესა“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივის“ წევრები აქციას მართავენ. მათ უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მისულ დეპუტატებს „სირცხვილის კორიდორი“ მოუწყეს.