ბათუმში, უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მისულ დეპუტატებს „გაბედესა“ და „ალტერნატივის“ წევრებმა „სირცხვილის კორიდორი“ მოუწყვეს
ბათუმში, უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მისულ დეპუტატებს „გაბედესა“ და „ალტერნატივის“ წევრებმა „სირცხვილის კორიდორი“ მოუწყვეს

ხმაური იყო ბათუმის მერიასთან, სადაც მოძრაობა „გაბედესა“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივის“ წევრები აქციას მართავენ. მერიის შენობაში დღეს დაგეგმილი უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მისულ დეპუტატებს „სირცხვილის კორიდორი“ მოუწყეს და შენობაში მათთან ერთად შესვლას ცდილობდნენ.

სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც შენობასთან უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე გამოჩნდა. დაცვის პოლიციამ მისი შენობაში შეყვანა სცადა, რასაც აქციის მონაწილეებთან სიტყვიერი და ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

დავით გაბაიძემ ალტერნატივის წევრი ხათუნა ბერიძე შენობაში შეიყვანა და გაესაუბრა.

„თქვენ ხართ მოღალატეები, გრძნობთ თუ არა თავს დამნაშავედ“, – მიმართა ხათუნა ბერიძემ დავით გაბაიძეს.

„თქვენ ხართ პარტიული აქტივისტი, როგორ გგონიათ, რამდენჯერაც შეიკრიბებით, დავსხდებით და იმდენჯერ შევცვლით აჭარის კონსტიტუციას? რატომ უნდა ვიგრძნოთ თავი დამნაშავედ“, – განაცხადა დავით გაბაიძემ.

დეპუტატები დარბაზში იკრიბებიან. უმაღლესი საბჭოს სხდომა 11 საათზეა დანიშნული. აქციის მონაწილეები სხდომაზე დასწრებას ითხოვენ. მათთან ერთად იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები.