ბათუმში ძლიერი ქარის დროს მიღებული ტრავმების შედეგად გარდაცვლილი მამაკაცის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს
ბათუმში ძლიერი ქარის დროს მიღებული ტრავმების შედეგად გარდაცვლილი მამაკაცის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს

ბათუმში ძლიერი ქარის დროს მიღებული ტრავმების შედეგად გარდაცვლილი მამაკაცის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს.

ბათუმის მერიაში სპეციალური კომისია შეიქმნა. გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს აჭარის მტავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.

„უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ სოსო შერვაშიძის გარდაცვალების გამო. სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს და ახლობლებს. ბატონი სოსო სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მძიმედ დაშავდა, რამაც გამოიწვია ეს დიდი ტრაგედია. თანადგომას ვუცხადებ მის კოლეგებს ბათუმის მერიიდან და ყველა მის ახლობელ ადამიანს”, – აცხადებს თორნიკე რიჟვაძე.

ბათუმში 4 იანვარს ძლიერი ქარის დროს დაშავებული 54 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ის ბათუმის მედცენტრში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება მეორე დაშავებული. 60 წლის მამაკაცს უკვე ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაციები. აღენიშნება მრავლობითი მოტეხილობები. მისი მდგომარეობაც სტაბილურად მძიმეა, თუმცა მოტეხილობები სიცოცხლესთან შეუთავსებელი არ არის.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ძლიერი ქარის გამო, ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ცხრასართულიანი საცხოვრებელი სახლის სახურავიდან თუნუქის ფურცლების ჩამოვარდნის შედეგად დაშავდა ორი მოქალაქე და დაზიანდა ორი ავტომანქანა.